დღეს წინანდლის პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან
ნომინატების სია ასე გამოიყურება: თეატრალური ხელოვნება – მარიამ გაგლოშვილი, ქეთევან გიორგაძე, გურამ მაცხონაშვილი. კინოხელოვნება – გიგა ბაინდურაშვილი, გიორგი თავართქილაძე, ბაქარ ჩერქეზიშვილი. მხატვრული ლიტერატურა (პროზა) – ზურა აბაშიძე, მარი ბექაური, ცოტნე ცხვედიანი. მხატვრული ლიტერატურა (პოეზია) – როინ აბუსელიძე, ნინი ელიაშვილი, გიორგი შონია. მუსიკა – კახი სოლომნიშვილი, ირმა გიგანი, ალექსანდრე კორძაია (Kordz). სახვითი ხელოვნება – გიორგი ვარდიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე, გვანცა ჯიშკარიანი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – მანუჩარ გვარამია, ეკა გურგენაშვილი, ომარ ჩალიგავა/ანა ქვლივიძე/ტოლხა შეთეკაური. ჰუმანიტარული მეცნიერებები – შოთა მათითაშვილი, ნინო ტაბეშაძე, ნათია ჯანგულაშვილი.
წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით. წინანდლის პრემიის ერთ-ერთ საუკეთესო ნომიმანტს კომპანია „ბადაგონის “ და მისი ახალგაზრდული ბრენდ “გაუ“-ს ინიციატივით 2000 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცემა.
პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით. „წინანდლის პრემია“ დაფუძნდა 1999 წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. პრემია ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. მისი მიზანია თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებული მიღწევების პოპულარიზაცია და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.