სოფელ კაბალში ვეტერინარული სერვის ცენტრი გაიხსნა
აღნიშნულ სერვის ცენტრში ფერმერები მეცხოველეობის მიმართულებით ყველა საჭირო მომსახურებას მიიღებენ.
კომპანია ,,ინვეტის“ მეცხოველეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გურამ მელქაძის განცხადებით, სერვის ცენტრში ფერმერებს ხარისხიანი სერტიფიცირებული პრეპარატებით და ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდას.
,,პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით და კომპანია ,,ინვეტის’’ ორგანიზებით, კახეთში, სოფელ კაბალში, რიგით მეცხრე სერვის ცენტრი გაიხსნა. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს, რათა იზრუნონ ცხოველთა ჯანმრთელობაზე და მათი პროდუქტიულობის ამაღლებაზე. სერვის ცენტრი ფერმერებს მოემსახურება ხარისხიანი სერტიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატებით, ცხოველთა და ფრინველთა სრულფასოვანი საკვები დანამატებით და, ასევე, დაეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ სერვის ცენტრის მომსახურებაში არის ხელოვნური განაყოფიერების და სინქრონიზაციის სერვისიც, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობის განვითარებას რეგიონში და დაეხმარება ჩვენს ფერმრებს,’’– განუცხადა Knews.ge-ს გურამ მელქაძემ.
პროექტის “MOLI კახეთში” წარმოების მიმართულების კოორდინატორი, პავლე კეღოშვილი აცხადებს, რომ სერვის ცენტრს უხელმძღვანელებენ კვალიფიციური ვეტერინარი–ექიმები, რომლებიც, ასევე, ადგილზე მოემსახურებიან და კონსულტაცებს გაუწევენ მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს.
,,სერვის–ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელიც აუცილებელია ვეტერინარული აფთიაქის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კადრები, რომლებიც აქ იმუშავებენ, არიან კვალიფიციურები. უნდა აღინიშნოს, რომ კაბალი არის ერთ–ერთი დიდი სოფელი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დაკავებულია მეცხოველეობით და მიწათმოქმედებით. მნიშვნელოვანია, რომ ფერმებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ხარისხიან პრეპარატებზე და მომსახურებაზე’’,– განუცხადა Knews.ge-ს პავლე კეღოშვილმა.