გურჯაანში მაწანწალა ძაღლების რეგიონული თავშესაფარი აშენდება
წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობაში ყველა მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს მონაწილეობას. გურჯაანის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით 100 000 ლარი უკვე გაითვალისწინეს. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ განუცხადა, თავშესაფრისთვის თანხას, სავარაუდოდ, სხვა თვითმმართველი ერთეულებიც გამოყოფენ.
“2018 წლისათვის დაგეგმილია ძაღლების თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა, მაგრამ ეს ცოტაა. თანხა, სავარაუდოდ, სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა”, – განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წლებია უკვე მაწანწალა ძაღლების პრობლემა არსებობს. მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა.