„აუცილებელია თელავის მუნიციპალიტეტში განვითარდეს სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია“ თელავის ადგილობრივ თვითმმართველობას რეკომენდაციით მიმართავს სკოლამდელი განათლების პროგრამას დაემატოს სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამა. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო პაატაშვილი მიუთითებს სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განვითარების სტრატეგიულ გეგმას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი გარემო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში. აღმზრდელებს უჭირთ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და რთული ქცევის მართვა, ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების პროგრამას დაემატოს სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამა. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია 1 წელია თანამშრომლობს „ჩეხეთის კარიტასთან საქართველოში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ინკლუზიური განათლება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის) “, – განუცხადა knews.ge-ს პაატაშვილმა.
პაატაშვილი ბავშვთა ზრუნვის სხვა სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, სოციალურ პროგრამებს დაემატოს განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა.
„ჩვენი ადვოკატირების კამპანია ეფუძნება ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებულ კვლევებს. საჭიროებები ძირითადად შეეხება ბავშვის ადრეულ ასაკს( 0-დან 6 წლამდე პერიოდს), რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ასაკში აქტიურდება ადამიანის ტვინის უჯრედების 90% და მათ შორის ნერვული კავშირების ყალიბდება. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განხორციელებული ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის განსაზღვრული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის საელმწიფო პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, საჭიროების 1,4 %-ს ფარავს. აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც აუცილებელია მისი ჰარმონიული განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია სოციალურ პროგრამებს დაემატოს განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ქვეპროგრამები იქნება: ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების ხელშემწყობი. ჩვენი გათვლებით, აღნიშნული სერვისების და სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს 80 000 ლარი “, – აღნიშნა ნინო პაატაშვილმა.
ამ ინიციატივით საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა.
ინკლუზიური განათლების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ შშმ ბავშვების მშობლები. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ინიციატივა მერიამ უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისი თანხა გამოყოს, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, მიიღონ განათლება.
„ჩემი შვილი სმენადაქვეითებულიზ, უჭირს ლაპარაკი და ბაღში ვერ დადის, რადგან დღესდღეობით არა მარტო თელავში, არამედ მთელ საქართველოში აღმზრდელები ნაკლებად არიან ინფორმირებულები, როგორ დაამყარონ ურთიერთობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან. თუ საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ინიციატივას თელავის მერია განახორციელებს და თანხას გამოყოფს, ამ მხრივ პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება“, – განუცხადეს knews.ge-ს შშმ ბავშვების მშობლებმა.