საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შეიქმნება
შესაბამისი ცვლილებები დაგეგმილია ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში”, რომელიც პარლამენტის წევრებმა – გრიგოლ ლილუაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და ოთარ დანელიამ მოამზადეს.
როგორც knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა განუცხადა, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხისა. მისივე ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.
იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობა ანაზღაურებადია, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას ახდენს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა თვეში დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარამდე შეადგენს.
”კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსალოდნელი ცვლილებებით თავიდან იქნება აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს”, – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.