ახმეტაში წარმოებული ეთერზეთები ევროპის ექვს ქვეყანაში გაიყიდება
როგორც knews.ge–ს კომპანიის დირექტორმა ზურაბ ნაცვლიშვილმა განუცხადა, პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და ეთერზეთები გასაყიდად საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გავა.
„პროდუქტის 100%–ს ექსპორტზე გავიტანთ. ჩვენ ეთერზეთებს მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით. ევროპის ბაზრის მოთხოვნებზე მაქვს დეტალური ინფორმაცია. საწარმო აღიჭურვება ევროპული სტანდარტებით, რათა ჩვენ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები“, –განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეთერზეთები საწყის ეტაპზე ქინძის თესლისგან დამზადდება.
„ეთერზეთებს 20 წელია რაც რუსეთში ვაწარმოებ. ეს ჩემი ტრადიციული ბიზნესია. ეთერზეთებს ქინძის თესლებისგან დავამზადებთ. ჩვენ ქინძი მოვიყვანეთ და ადგილობრივი ფერმერებისგან ნედლეულის ჩაბარება არ დაგვჭირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობა, რომელიც დეკემბერში დასრულდება. საწარმოს მშენებლობისთვის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება გადმოგვეცა. საწარმოში დაახლოებით 60 ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
კომპანია „აგრო არომა ჯგუფი“ სამომავლოდ ვარდის, ლავანდისა და ბაზილიკის ეთერზეთის წარმოებასაც გეგმავს.