ყვარელში თაფლის კოოპერაციული წარმოების აუცილებლობაზე იმსჯელეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრეებს “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორში აშენდება თაფლის საწარმო, რომელიც აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. მიშელაძის განმარტებით, ყველა რეგიონში მოქმედ კოოპერატიივებს საშუალება ექნებათ, წარმოებული სუფთა პროდუქტი აღნიშნულ საწარმოში ნებისმიერ დროს ჩააბარონ.
მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.
,,წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება, დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები. თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში, გაერთიანებულ მეფუტკრეებს ექნებათ საშუალება, გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას სასაქონლო საბოლოო სახე. სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით”, -განაცხადა გიორგი მიშელაძემ.