ლაგოდეხის ყოფილი გამგებლის მოადგილე არასამთავრობო სექტორში ბრუნდება
ის მუშაობას საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში გააგრძელებს.
ბოკერიას თქმით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდში ლაგოდეხში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
,,მუშაობა იმ პერიოდში მომიწია, როცა მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ შეჭირვებასთან ერთად, ბუნებრივი აირის არქონა, სასმელი წყლის დეფიციტი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტიქიური მართვა, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა და ზოგადად გაუმართავი ინფრასტრუქტურა მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა საერთაშორისო პროეექტსა და პროგრამაში თვითმმართველობის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობისას დამიგროვდა. ვფიქრობ, ლაგოდეხის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამ დროის განმავლობაში ჩემს დაქვემდებარებაში იყო ინფრასტრუქტურის, საფინანსო, ზედამხედველობისა და იურიდიული სამსახურები. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად არაერთი რეფორმა გავატარეთ, რის შედეგადაც უამრავი საკითხი მოვაგვარეთ. რეფორმების გასატარებლად არამარტო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები გამოვიყენეთ, არამედ დონორი ორგანიზაციები, ფონდები და საელჩოებიც დავაინტერესეთ და მათი მეშვეობით დამატებითი სახსრებიც მოვიზიდეთ. ჯამში, დროის ამ მონაკვეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 70 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თანადაფინანსებამ 5 მილიონამდე ლარი შეადგინა. ამჟამად, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კვლავ სამოქალაქო სექტორში დავბრუნდი. ჩემთვის გავლილი წლები გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იყო, რომელსაც, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, ისევ საზოგადოების პრობლემების მოგვარებას მოვახმარ’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოკერიამ.