რა მოუტანა თელავს თვითმმართველობის რეფორმამ
რეფორმის გატარების შემდეგ 2014 წელს თელავის მოსახლეობამ პირველად აირჩია მერი, 24 სოფლის მოსახლეობამ კი გამგებელი. 2017 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორად გაყოფილი თელავი ისევ გაერთიანდა და ქალაქის და მუნიციპალიტეტის 24 სოფლის ხელმძღვანელი იქნება ისევ ერთი პიროვნება მერი, რომელსაც 19 629 ათასი მოსახლის ნაცვლად 38 721 მოქალაქეზე მოუწევს ზრუნვა.
თელავის ორად გაყოფის პროცესი
2014 წელს, როდესაც თვითმმართველი ქალაქების შექმნასა და მუნიციპალიტეტების ორად გაყოფაზე მიდიოდა საუბარი, აღნიშნულ პროცესს არასამთავრობოები, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დადებითად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს თვითმმართველობების დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობდა მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა აბულაძე. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თელავმა 1892 წლის შემდეგ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღიდგინა, რაც მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუადვილებდა. მამუკა აბულაძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ადმინისტრაციულ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ცვლილებების გატარება იყო:
,,ეს პროცესი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2014 წელს დაიწყო. თვითმმართველ ქალაქებს კიდევ 7 დაემატა და მათმა რიცხვმა 12 შეადგინა. თელავმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქი იყო, ჯერ კიდევ 1892 წლიდან, ახლა ფაქტობრივად აღიდგინა ეს სტატუსი და თელაველებს მიეცათ თავიანთი ქალაქის საკრებულოსა და მერის არჩევის უფლება. ვიმედოვნებთ, რომ გატარებული ცვლილებები, ხალხზე დადებითად აისახება. ქალაქის პრობლემები მკვეთრად განსხვავდება სოფლის პრობლემებისგან, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგეობაში მსჯელობენ უკვე სოფლის პრობლემატიკაზე, როგორიც არის წყალსადენები, ნაგვის გატანა, ხოლო ქალაქის საკრებულოში მსჯელობენ კეთილმოწყობაზე, ტროტუარებზე, გამწვანებებზე და სხვა. შესაბამისად, ბიუჯეტი უფრო მიზანმიმართულად, სპეციფიკურად მათ პრობლემებზე იქნება მიმართული. რაც მთავარია, მოქალაქეებს მიეცემათ თვითმმართველობის საქმიანობაში უფრომეტად ჩართვის საშუალება’’, – აცხდებდა მამუკა აბულაძე.
რეფორმის პირველ წელს თელავის მერიაში აცხადებდნენ, რომ თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბებამ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ჩართულობის საშუალება მისცა.
,,თვითმმართველი ქალაქის გამოყოფამ მოსახლეობას მისცა ბერკეტი უშუალოდ თავად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში”, – ამბობდა ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.
რეფორმას დადებითად აფასებდნენ მაშინ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელის აზრით, ქალაქის და სოფლის საჭიროებები განსხვავებულია, შესაბამისად ერთობლივად მართვა რთულია.
,,გაყოფის შემდეგ უფრო მოქნილი გახდა მუნიციპალიტეტის მუშაობა და მეტად აქვს ხალხთან ურთიერთობის საშუალება. მანამ, სანამ თელავი ორად გაიყოფოდა, ქალაქის პრობლემები უფრო გვარდებოდა, ვიდრე სოფლების. სოფლის მოსახლეობას სათანადო ყურადღება ვერ ექცეოდა, ახლა კი მათი კეთილდღეობისთვის და სოფლის განვითარებისთვის გაცილებით მეტი თანხა იხარჯება. პირველ წელს შევძელით იყალთოს ზონის სოფლებიდან მყარი ნარჩენების გატანა’’, – აღნიშნავდა დავით ნაპირელი.
,,თელავის ორად გაყოფა დადებითად აისახა ჩვენზე. ადრე თუ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქალაქებზე იხარჯებოდა, ახლა სოფლების საჭიროებებზეა მორგებული და ვხედავთ, რომ სოფლებში ბევრი რამ კეთდება”, – აცხადებდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი ნანა ლალიაური.
ქალაქ თელავის მცხოვრების, ლიანა გოგოლაშვილის თქმით, თელავის გაყოფის შემდეგ ქალაქის საჭიროებები წინა რიგში გადავიდა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო:
,,არის საკითხები, რომელიც დღემდე მოუგვარებელია, მაგრამ განხორციელდა სხვადასხვა სახის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და წლების წინ მოუგვარებელი იყო. იმედი გვქვს, რომ ქალაქი უფრო განვითარდება’’, – ამბობდა გოგოლაშვილი.
2014 წელი – პირველი არჩევნები ორად გაყოფილ თელავში
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქ თელავის მოსახლეობამ პირველად მერი აირჩია. თელაველმა ამომრჩეველმა მაშინ არჩევნების მეორე ტურში ქალაქის მერად 3263 ხმით ,,ქართული ოცნების” კანდიდატი პლატონ კალმახელიძე 43,18%-ით აირჩია. იგი 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უწყებას. კალმახელიძის შეფასებით, მისი მუშაობის წლები თელავისთვის ნაყოფიერი იყო. 2016 წელს ქალაქის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვის გაზრდაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ ეს თვითმმართველობის რეფორმის შედეგი იყო.
მიუხედავად ამისა, მიმდინდარე წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საუბარი გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ რეფორმამ მიზანი ვერ გაამართლა და შედეგი ვერ გამოიღო.
,,მნიშვნელოვანი ცვლილება იყო შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა და შედეგად თოთხმეტი ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება. არსებობდა მოლოდინი, რომ ამ ცვლილებას უნდა მოეტანა შემდეგი დადებითი რეზულტატები: მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ შედეგების მიღწევა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე ზომის ერთეულებად ქცევა არ არის ამ ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა, რიგ შემთხვევებში კი გაუარესდა კიდეც რესურსების არაეფექტიანი გაყოფის გამო. გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არსებითად არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად’’, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამიისტროში.
სწორედ ეს და სხვა საკითხები იყო მთავრობის წევრების და რეფორმის ინიციატორების 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების და, მათ შორის, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი.
პროტესტი თელავის გაერთიანებაზე
მთავრობის ინიციატივას, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ეხებოდა, დიდი საზოგადოებრივი პორტესტი მოჰყვა. პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მთავრობის წევრების გადარწმუნებას, თუმცა პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებაც გაავრცელეს. ისინი განმარტავდნენ, რომ ეს რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა იქნებოდა. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ქალაქ თელავის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ოპოზიციის გარდა, მესამე სექტორი და მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ.
„თუ ქალაქ თელავის სტატუსის გაუქმებას მხარს დაუჭერთ, კარებს აგიფიცრავთ“, – ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატებს ქალაქ თელავში მცხოვრებმა თამილა უტიაშვილმა.
ოპოზიცია კი საქართველოს მთავრობის მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითებდა. ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილი დაუშვებლად მიიჩნევდა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და ხელისუფლების ინიციატივას მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ აფასებდა.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ასახელებს არგუმენტებს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. თელავის საკრებულომ ქალაქ თელავს საკუთარი ხელუთ დანა გამოუსვა თელავს, დაასამარა ქალაქის მომავალი. ამის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტრო იხელმძღვანელებს საკრებულოს გადაწყვეტილებით. არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის სტატუსი, რადგან უფრო ნაკლები პროექტი განხორციელდება. ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს და მათ მოსაზრებას არ იზიარებს“, – აცხადებდა ბაადურ რევაზიშვილი.
„რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორი, ლიზი სოფრომაძე თელავის გაერთიანებამდე განმარტავდა, რომ განსხვავებული სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშნელოვანია, როგორც ქალაქს ისე თემს ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი.
,,2014 წლიდან სოფელსაც გაუჩნდა ბიუჯეტი, ადრე ყოველთვის იყო ჭიდილი ქალაქის და სოფლის ინტერესს შორის. ამ გაერთიანების მცდელობით კი ქალაქის განვითარებაც იზღუდება და სოფლებისაც”.
,,თუ ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის შემცირებაზე არ აისახება, თელავის გაერთიანება არ არის ტრაგედია,’’ – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
პოლიტიკური სპექტრში მიიჩნევენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ახალ ტერიტორიულ მოწყობაზე გადასვლა, უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც დეცენტრალიზაციის პროცესისათვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირებას არანაირი საერთო არ აქვს საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციასთან. ნაციონალური მოძრაობისათვის აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლოა.
,,რეგიონული მართვის სამინისტრო გაუგებარი არგუმენტებით საუბრობს იმაზე, რომ ადმინისტრაციული დანახარჯები გაიზარდა. ხარჯი გაზარდა გამგებლებისა და მერების ოთხმაგი ხელფასების და პრემიებს გამოწერამ და არა ქალაქი და თემის გაყოფამ. უნდა შეიკვეცოს პრემიები და ამის ხარჯზე მოხდეს ქალაქებისთვის სტატუსების შენარჩუნება. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რომ ყველა რეალურად თვითმმართველი ქალაქი ყოფილიყო, ადგილზე მიღებულიყო გადაწყვეტილებები და არა ისე, რომ ყველას გუბერნატორის დავალებები შეესრულებინა’’, – განუცხადა Knews.ge–ს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.
ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ 2014 წლიდან, მაშინ როცა თელავის ორად გაიყო, გადაიჭრა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელ საკითხად რჩებოდა.
,,ქალაქს ეკუთვნის ეს სტატუსი, ამას წლების განმავლობაში ვითხოვდით. თვითმმართველი ქალაქის გაუქმება დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპის, დემოკრატიული მმართველობის ხელშეშლისკენ დიდი ნახტომი იქნება. რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. მაგალითად, როცა ქალაქი სუფთავდებოდა, ნაგავი სად გადაეყარათ არ იცოდნენ, ახლა ეს ყველაფერი ორგანიზებულად ხდება. დღეს ნაგვის მანქანები აქვს ქალაქსაც და თემსაც. თელავში რა როგორ უნდა ვითარდებოდეს ამას უნდა წყვეტდნენ მოქალაქეები‘’, – ამბობს ქალაქ თელავის მკვიდრი არჩილ მჭედლიშვილი.
,,წლების განმავლობაში პრობლემა გვქონდა, რომელიც ვერ გვარდებოდა უსახსრობის გამო. ყურადღება ქალაქს ექცეოდა და სოფლები მივიწყებული იყო. როცა დაიწყო სოფლების პრობლემების მოგვარება და საკუთარი ბიუჯეტი გვაქვს, დაუშვებელია ამისი გაუქმება’’, – აცხადებს სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი მანანა ლალიაშვილი.
გარდა საზოგადოებრივი პროტესტისა, მოქალაქეების აზრის გასაგებად NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 45% მიიჩნევდა, რომ ამ ცვლილებას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა. საბოლოოდ კი საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივას მხარი მაინც დაუჭირა.
რა დაკარგა თელავმა ქალაქისა და თემის გაერთიანებით – გზა ცენტრალიზაციისკენ
საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებით, თელავმა გაერთიანებით განვითარების და გაძლიერების შანსი დაკარგა. თელაველების თქმით, გაყოფის შემდეგ ქალაქსა და სოფელში განხორციელებული პროექტების რიცხვი, ასევე, მართვაში მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდა და ქალაქსა და სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაიარდა.
,,სწორედ ასეთი თვითმმართველობის შედეგია, რომ ბევრ სოციალურ პროგრამაში მოქალაქეების ინიცირება იყო მაღალი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ იფიქროს, გადაიყვანოს სახელმწიფო ორდონიან თვითმმართველობაზე, სადაც ნებისმიერი სოფელი არის თვითმმართველი, როგორც ქალაქი, ცდილობს მუნიციპალიტეტები გააერთიანოს, რაც დაუშვებელია”, – განუცხადა Knews.ge–ს ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა.
,,თვითმმართველი ქალაქების განვითარება – ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ–ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც. გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც. ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს”, – აცხადებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საზოგადოების აქტიური ნაწილი ქალაქისთვის ვსტატუსის ჩამორთმევას განსაკუთრებული ფორმითაც გამოეხმაურა. პროტესტის ნიშნად თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს”. აქტივისტები ამბობოდნენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს.
არჩილ მჭედლიშვილი
,,ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას და არაფრის იმედი არ აქვთ და თვლიან, რომ არცერთი პარტია მათ მხარდაჭერას არ იმსახურებს, მაინც მივიდნენ არჩევნებზე, ჩაწერონ ბიულეტენში და შემოხაზონ ცხვარი”, – აღნიშნავდა Knews.ge–სთან არჩილ მჭედლიშვილი.
მან, ,,შეწყდეს თვითმმართელობის დაკნინება”, – ამ მოთხოვნით თელავის გამგეობაში მდუმარე აქციაც გამართა.
თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნები 2017
თელავი, სოფელი ყარაჯალა
წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახლადარჩეულმა მერის ანფარიშზე ქალაქის მართვის გარდა, კიდევ 23 სოფელია. არჩევნებში 50%–იანი ზღვარი მმართველი პარტიის კანდიდატმა, შოთა ნარეკლიშვილმა გადალახა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017
ცესკოს მონაცემები
,,თელავში ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს არის გზების და გარე განათების პრობლემა. ასევე გარკვეულ სოფლებში არის ნაჩენების გატანის პრობლემა. პრობლემურია სასმელი წყლის საკითხი, რომელიც წლებია ქალაქსა და სოფლებს აწუხებს. ჩემი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობასთან ერთად გამოვკვეთავთ პრიორიტეტულ საკითხებს. ჩვენი მიზანია, თვითმმართველობის გაძლიერება და მართვის პროცესში ხალხის ჩართვა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება კი, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან,’’ – აცხადებს Knews.ge–სთან საუბრისას ნარეკლიშვილ
ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.