კახეთში ნახანძრალ ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ საველე სამუშაოები დაასრულა. სატყეო ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სპეციალურმა კომისიამ არსებული ვითარება შეისწავლა და ამჟამად მიღებული მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს.
სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას თქმით, გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამუშავებული ინფორმაცია, დასრულებული სახით, მიმდინარე წლის დეკემბერში გაასაჯაროვებენ.
,,კახეთში ნახანძრალ ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე დასრულებულია საველე სამუშაოები. კომისია საველედ უკვე ორჯერ იყო გასული. ახლა მიმდინარეობს მიღებული მონაცემების ლაბორატორიული დამუშავება. საბოლოო შედეგი ალბათ ამ წლის ბოლოს იქნება და განცხადებასაც გავაკეთებთ. სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალი წლის გაზაფხულიდან. ეს კომისიის რეკომენდაციაა, რომ ამ შემოდგომაზე არაფერი გაკეთდეს და სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყოს. რაც შეეხება ზარალს, ამჟამად ზუსტად ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ბალახი ნახანძრალ ტერიტორიაზე უკვე წამოსულია და ეს დამაიმედებელია”, – განუცხადა knews.ge-ს თორნიკე გვაზავამ.