სტატიები

საკრებულოების თავმჯდომარეები კახეთში – 1 ქალი და 7 მამაკაცი

თამარ ყეინიშვილს 31 დეპუტატიდან ოცდაერთმა წევრმა გამოუცხადა ნდობა. ყეინიშვილი 2017 წლის მარტიდან წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. მაშინ მის კანდიდატურას საკრებულოს 26–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან 2 მარტს გადადგა. ოპოზიცია ჯუგაშვილის გადაწყვეტილებას შიდა პარტიულ დირექტივას უკავშირებდა. მანამდე ის ახმეტის წარმომადგენლობით ორგანოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 
საგარეჯოს საკრებულოს ქალაქ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ ჩალათაშვილი უხელმძღვანელებს. ჩალათაშვილის კანდიდატურას საკრებულოს 37 დეპუტატიდან ოცდათოთხმეტმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კი ლელა მარიდაშვილი, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს. მან ოცდათხუთმეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ილია სიფროშვილმა განუცხადა, ოპოზიციონერმა ორმა დეპუტატმა სხდომა დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 
„საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიას ზურაბ უსტიაშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ელენე სამხთუაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას – თამაზ ურდულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას – ივანე ივანიშვილი, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას კი – გივი ბედიაშვილი. ოპოზიციონერმა ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა, რომლის თავმჯდომარე იქნება ელდარ მეფარიძე“, – განუცხადა knews.ge–ს ილია სიფროშვილმა.
თელავის, ყვარლის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის, საკრებულოების თავმჯდომარეების თანამდებობები მამაკაცებმა დაიკავეს. 
იღბლიანები აღმოჩნდნენ გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროსა და ახმეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ახლადარჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს ისევ უხელმძღვანელებენ. რეგიონის 8 საკრებულოში სულ 257 წევრი იქნება, აქედან 226 არის მამაკაცი, ხოლო 31 ქალბატონი. ყველაზე მეტი ქალი საგარეჯოს, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შევიდა. 257 წევრიდან, ,,ქართულ ოცნებას” კახეთის საკრებულოებში 194 წევრი ეყოლება. ,,ნაციონალურ მოძრაობას” – 28, ,,ევროპულ საქართველოს” – 17, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” – 9, ,,ლეიბორისტულ პარტიას” – 2, დამოუკიდებელი კანდიდატი – 7 (ახმეტის მუნიციპალიტეტში 2, ლაგოდეხში 4, საგარეჯოში 1).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 წევრიდან 5 ქალი იქნება, 32 მამაკაცი; სიღნაღის საკრებულოს 29 წევრიდან 5 ქალი, 24 მამაკაცი. დედოფლისწყაროში 28-დან 2 ქალი, 26 მამაკაცი. ლაგოდეხში 31-დან 4 ქალი, 28 მამაკაცი. ყვარელში 27 დეპუტატიდან 4 ქალი, 23 მამაკაცი. თელავში 35 წევრიდან 3 ქალი, 32 მამაკაცი. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 31 წევრიდან 5 ქალი, 26 მამაკაცი. ხოლო გურჯაანში 39 დეპუტატიდან 36 მამაკაცი და 3 ქალი. 
ცხადია, რომ მდედრობითი სქესი წარმომადგენლობით ორგანოებში ისევ უმცირესობაშია. ექსპერტები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მთავარ ფაქტორად სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ასახელებენ.  მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით 37 ათას 455 ამომრჩევლის ხელმოწერით გამყარებული გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა. ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან, პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს. საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. აღნიშნული ინიციატივის პარლამენტში განხილვა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა.