მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია გამარტივდა
თუ ამ დრომდე მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმიტომ ვერ ირეგისტრირებდა ეს თუ ის პირი, რომ დოკუმენტებში შეუსაბამობა ან უზუსტობა იყო, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან ეს ყველაფერი ხარვეზად აღარ ჩაითვლება.
,,თუ წლების წინ ნაკვეთი იყიდეთ, მაგრამ გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით გააფორმეთ და ამის გამო რეგისტრაიას ვერ ახერხებთ, პროექტის ფარლებში შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსს. მიწაზე საკუთრების უფლების დაჩქარებული წესით აღიარება იქნება შესაძლებელი. მიწას კერძო ამზომველები გაზომავენ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აანაზღაურებს. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება,”- განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. სარეგისტრაციო წარმოებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
,,ძალიან კარგი პროექტია. ქონების რეგისტრაციაში ძალიან ბევრს ჰქონდა პრობლემა. როდესაც კანონში ცვლილებები შევა, წვრილმანი საკითხები ადვილად მოვაგვარების შესაძლებლობა იქნება. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადებაში დაზოგილი საფასური ძალიან მნიშვნელოვანია”, განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა ბონდო ზარდიაშვილმა.