სტატიები

„ახალმა მერმა წინამორბედის მოადგილეები უპირობოდ არ უნდა გაათავისუფლოს“

კანონის დათქმის მიუხედავად, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღეს დაიწყო საკადრო ცვლილებები და მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მერების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, ხოლო მესამე სექტორის გარკვეული სეგმენტი თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ წარმომადგენელი ქეთი მოლაშვილი მიიჩნევს, რომ მერმა მოადგილეები პროფესიული ნიშნით უნდა შეარჩიოს და, ამავე დროს, წინამორბედები უპირობოდ არ უნდა გაათავისუფლოს. 

„როდესაც ახლადარჩეული მერი თანამდებობაზე ახალი მოადგილეების დანიშვნის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ წინამორბედებზე უფრო გამოცდილები და პროფესიონალები. მაგალითად, სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა ყოფილი გამგებლის მოადგილე ეკა ჩახნაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეკას არც ერთი საყვედური და გაფრთხილება არ მიუღია. ის იყო ყველასთვის სამაგალითო. გასაგებია, მას სურს საკუთარი გუნდით მართოს მუნიციპალიტეტი, მაგრამ ეკას ადგილას მასზე გაცილებით უკეთესი უნდა დანიშნოს. მაგალითად, გურჯაანის მერმა ერთი მოადგილე თანამდებობაზე დატოვა. ე.ი. შესაძლებელია, რომ მერმა წინამორბედის მოადგილეები უპირობოდ არ გაათავისუფლოს. ვფიქრობ, რომ მერი ჯერ უნდა გაეცნოს მოადგილეების გაკეთებულ საქმიანობას, შეაფასოს და იქიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მაინც გადაწყვეტს მერი მოადგილეების გათავისუფლებას, სახლში არ უნდა გაუშვას და მათი რესურსი უნდა გამოიყენოს“, – განუცხადა Knews.ge–ს ქეთი მოლაშვილმა. 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მერების მიერ ახალი მოადგილეების დანიშვნას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს. კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ მერმა მუნიციპალიტეტი საკუთარ გუნდთან ერთად უნდა მართოს, თუმცა მოადგილეების შერჩევის პროცესში სასურველია ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება. 

„მერს უნდა ჰყავდეს თავისი გუნდი, რომელიც მისი თანამოაზრე იქნება. მე დადებითად ვაფასებ იმ პროცესს, რომ მერი ძველ მოადგილეებს ახალი კადრით ანაცვლებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს სასურველია საზოგადოება იყოს ჩართული და მერმა გაიზიაროს საზოგადოების მოსაზრება. ამ პროცესებში მოქალაქეების რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება, მით უკეთესია. ვფიქრობ, რომ სასურველია მერობის კანდიდატების გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში იყოს ცნობილი და არა არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას კოტე კანდელაკი. 

თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ მერმა მოადგილეების დანიშვნის გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და ამ პროცესში არ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობა. 

„არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა იყოს კოლეგიალურად მიღებული და განხილვას, მომზადებას, შეფასებას საჭიროებს, მაგრამ მოადგილეების შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მერმა უნდა მიიღოს. ვეთანხმები იმ პროცესს, რაც მიდის მუნიციპალიტეტებში. არ მაქვს წინააღმდეგობა, რომ მერი ნიშნავს ახალ მოადგილეებს. როდესაც მერი მოდის მუნიციპალიტეტის სათავეში და საქმის კეთება სურს, მას სჭირდება თავისი გუნდი, ადამიანები, რომლებსაც იცნობს და მათი კვალიფიკაცია იცის. საზოგადოება ამ პროცესს მშვიდად უნდა უყურებდეს. თუ ისე მოხდა, რომ მერმა დანიშნა არაპროფესიონალი მოადგილე და მისი წინამორბედი კვალიფიციური იყო, უნდა დაისვას კითხვები, რატომ დანიშნა არაპროფესიონალი მის ადგილას?“, – განუცხადა Knews.ge–ს ლიზი სოფრომაძემ.

საგარეჯოს გარდა, არც ერთი მუნიციპალიტეტის მერს ამ დრომდე არ დაუსახელებია მოადგილეების ვინაობა. საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწანაშვილის ინფორმაციით, მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე გილაშვილი იქნება.