საკადრო ცვლილებები კახეთში – მუნიციპალიტეტების მერების გათავისუფლებული მოადგილეები
გურჯაანის ახლადარჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღეს ყოფილი გამგებლის ორი მოადგილე გაათავისუფლა. თანამდებობა მხოლოდ ერთმა მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა შეინარჩუნა. არჩილ ხანდამაშვილმა სამსახურის უფროსებსაც მოსთხოვა განცხადებების დაწერა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად აპირებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„მოადგილეებს ავუხსენი, რომ მხოლოდ ჩემი გუნდით მინდა ვმართო გურჯაანის მერია. ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით თითოეული მოქალაქის პრობლემის მოგვარებაზე. სამსახურის უფროსებსაც ვთხოვე განცხადებების დაწერა, რადგან მე მჭირდება ჩემი გუნდი და ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ წარმატებით უნდა ვმართოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტი“, – განუცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
სამსახურის გარეშე დარჩა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სამივე მოადგილე. სიღნაღის ახლადარჩეული მერი მოდაგილეების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს. გიორგი გოგილაშვილი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება კანონიერია.
„სამივე მოადგილე კანონის მიხედვით გავათავისუფლე. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ჩემი მოადგილეების შესახებ. დიდი ალბათობით, მათ ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებ და მე სხვა მოადგილეები მეყოლება. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, ისინი აგრძელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და ჯერჯერობით ამ მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ იგეგმება“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გოგილაშვილმა.
გოგილაშვილის გადაწყვეტილებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოადგილე ეკა ჩახნაშვილი უსამართლოდ აფასებს. ჩახნაშვილი მიუთითებს, რომ მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და მას ამ ხნის განმავლობაში არც ერთი საყვედური და შენიშვნა არ მიუღია.
,,ახალი მერის მოსვლის შემდეგ უფლებამოსილება ყველა მოადგილეს უწყდება, მაგრამ მას შეეძლო ჩვენთვის გაეგრძელებინა ხელშეკრულება. მან პირველივე დღეს ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი და სამივე მოადგილეს ჩაგვაბარა. გვითხრა ვიცი, რომ კარგად იმუშავეთ, ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ სახლში უნდა გაგიშვათო. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემ მიმართ არის უსამართლო. როდესაც აუდიტის სამსახური იყო შემოსული გამგეობაში და გასული წლების ფინანსური დოკუმენტაცია შეამოწმეს, ყველა სტრუქტურაში იყო შენიშვნები და ერთადერთი ჩემი მიმართულება, სოციალური და კულტურის სფერო იყო, სადაც ვერანაირი ხარვეზი ვერ იპოვეს“, – აღნიშნა knews.ge–სთან საუბრისას ეკა ჩახნაშვილმა.
სიღნაღის ახალ მერს გადაწყვეტილება დაუწუნეს მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ წარმომადგენელი ნანა ბაგალიშვილი ეკა ჩახნაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებს და გიორგი გოგილაშვილს გადაწყვეტილების დასაბუთებას სთხოვს.
„ზუსტად ვიცი მუნიციპალიტეტისთვის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისა და გაჭირვებულებისთვის რას ნიშნავდა ეს ქალი და ზუსტად ვიცი რამდენჯერ გადარჩა სიღნაღის იმიჯი კიდევ უფრო მეტ დაცემას მარტო იმიტომ, რომ ეკა ჩახნაშვილი გვყვავდა მუნიციპალიტეტს“, – ამბობს ნანა ბაგალიშვილი.
საკადრო ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც განხორციელდა. უკვე ცნობილია, რომ გიორგი ერბოწანაშვილი ყოფილი გამგებლის მოადგილესთან, გიორგი რევაზიშვილთან ერთად მუშაობას აღარ გააგრძელებს. მისი ინფორმაციით, საგარეჯოს ვიცე მერის თანამდებობას ალექსანდრე გილაშვილი დაიკავებს.
„საგარეჯოს ყოფილი გამგებლის მოადგილეს, გიორგი რევაზიშვილს ხელშეკრულება აღარ გავუგრძელე. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, იქნება თუ არა ჩემი მოადგილე დავით ივანიშვილი, რომელიც ყოფილი გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი თანამდებობაზე დავტოვო“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ერბოწანაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ერთადერთია, რომელიც საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერები მოადგილეებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ახალი მერის არჩევის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებათ, თუმცა კანონი მერს არ ავალდებულებს, ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.