ახალი ამბები

„სამეფო თაფლი“– 20 წლის ახმეტელი გიორგი გომელაურის ბიზნესი

 მან კომპანია ,,სამეფო თაფლი” დააარსა.
მეწარმის ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრები 15 წელზე მეტია მეფუტკრეობას მისდევენ, თუმცა აქამდე ბიზნესსაქმიანობას არ ეწეოდნენ. 
„მამაჩემს 15 წელზე მეტია ფუტკარი ჰყავს, თუმცა მისთვის ეს საქმიანობა ჰობი იყო და არა ბიზნესი. სულ მინდოდა, რომ მამაჩემის ჰობი ბიზნესად მექცია, ამიტომ დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი“ და მთელი ოჯახი ამ საქმეშია ჩართული. ვინაიდან პროდუქტი ჩვენთვის ძალინ ფასეულია, დავარქვი „სამეფო თაფლი“. პროდუქტი მზადდება ახმეტაში. ამ ეტაპზე თაფლი გვაქვს 320 მლ და 700 მლ ქილებში, რომელიც იყიდება კარფურში, ფრესკოში, გუდვილში, აგროჰაბსა და სხვა მაღაზიებში“, – განაცხადა გიორგი გომელაურმა.
მისივე თქმით, ისინი მომხმარებლებს ქილაში მოთავსებულ ფიჭიან თაფლსაც სთავაზობენ. გომელაურის მტკიცებით, მათი პროდუქცია ხარისხიანია, რადგან ფუტკრის მოვლის დროს მხოლოდ ბიო პრეპარატებს იყენებენ.
,,ფიჭა და თაფლი მოვათავსეთ ქილაში, შევფუთეთ და ასე განსხვავებულად გამოვჩნდით ბაზარზე. ჩვენი თაფლი ასევე გამორჩეულია იმითაც, რომ არის ნატურალური და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს. ძალიან მალე ჩვენი კომპანია გამოუშვებს ახალ პროდუქტებს, რომლებიც დამზადებული იქნება თაფლით”,- აღნიშნა გიორგი გომელაურმა.
ახალგაზრდა მეწარმე პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს და რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზება უკვე აქვს.