აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი თელავში აცხადებს სტაჟირების პროგრამას
როგორც knews.ge-ს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ განუცხადა, სტაჟიორები უფლებამოსილებას განახორციელებენ და ჩართულნი იქნებიან კახეთის რეგიონული ოფისისა და დემოკრატიის სკოლის კოორდინირების პროცესში.
“სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება: სხვადასხვა სახის ანგარიშისა და მოხსენების მომზადებაში მონაწილეობა; საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება; რეგიონულ ოფისში ტრენინგების, შეხვედრებისა და ლექციების ორგანიზებაში მონაწილეობა; რეგიონული აქტივობების კალენდრის მართვა და განხორციელებაში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში დახმარება. სტაჟიორს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი განათლება. სასურველია სტაჟიორმა იცოდეს ინგლისური ენა”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა სამი თვეა. სტაჟიორები შეირჩევიან კონკურსის წესით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: აპლიკაციების გადარჩევასა და გასაუბრებას. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@eecmd.org და ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითონ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება. განაცხადის გაგზავნა 18 ნოემბერამდე გაგრძელდება. ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD დემოკრატიული პოლიტიკური აქტორების გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს საქართველოსა და უკრაინაში. დემოკრატიის განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს დემოკრატიის სკოლები, რომელიც მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე.