ახალი ამბები

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

“სუფრა”, რომელმაც ფუნქციონირება გუშინ დაიწყო, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯონათან და ლაურა ნელმესებმა დააფუძნეს. ჯონათან ნელმსი ამბობს, რომ კარგად იცნობს საქართველოს და ქართულ სამზარეულოს. 
გამოცემა Eater Washington DC-ს ცნობით, რესტორნის მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება, რომელიც მანამდე საქართველოს საელჩოში მუშაობდა. 
“პირველი ქართველი მეგობარი 1989 წელს შევიძინე, როდესაც ჩვენს კოლეჯში სასწავლებლად ქართველი სტუდენტი ჩავიდა. მოგვიანებით მივლინებით მოსკოვში მომიწია გადასვლა, სადაც ქართულ სამზარეულოს გავეცანი“, – აღნიშნავს ჯონათან ნელმსი. 
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები: ფხალი, ჭინჭარი, მწვანე ლობიო ნიგვზით, ხინკალი, ჩანახი, მწვადი, ჩაქაფული და სხვა. კერძები ქართული სანელებლებით იქნება შეზავებული.
რესტორანი სტუმრებს შესთავაზებს რამდენიმე სახეობის ქართულ ღვინოს (მათ შორის კომპანია “ორგოსა” და “ხოხბის ცრემლების” წარმოებას, ასევე ქვევრის ნატურალურ ღვინოს “ნაოტარი”), ჭაჭას და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. რესტორანი 136 სტუმარზეა გათვლილი და ქართული ტრადიციული ელემენტებით (ფაფახითა და მაგიდის გადასაფარებელი) არის გაჯერებული.