ყვარელში ილიაობას აღნიშნავენ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის მემორიალი და ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ყვარლის ისტორიულ ციხე–გალავანში სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ კახური ტრადიციული კერძები და მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოგოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.
“ყვარელში დილიდან მიმდინარეობს ადგილობრივი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა. დღესასწაულის ფარგლებში ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანში გაიმართება ილიაობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. მუზეუმის ეზოში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ თონეში პურის ცხობაში და ჩურჩხელის ამოვლებაში. დღესვე 2016 -2017 სასწავლო წლის კახეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს ნოუთბუქებით დააჯილდოვებენ. დოლოჭოპის არქეოლოგიურ კომპლექსში კი,, წინაპართა მემორიალის“ გაიხსნება”, – განუცხადა knews.ge–ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა უშანგი მათიკაშვილმა.