სტატიები

აგროჟურნალისტები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

„აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFAJ) წევრმა სტივ ვერბლოუმ ვორქშოფზე, ჟურნალისტებს აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ჟურნალისტიკის როლზე ისაუბრა.
სტივ ვერბლოუს განცხადებით, აგროჟურნალისტიკის სექტორის განვითარება, კერძოდ სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ყველა სექტორისა და მხარის წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლა და ხშირი კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,გასული კვირის განმავლობაში ვიმოგზაურე კახეთსა და თბილისში და ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად ვნახე, რომ ბევრი ფერმერი და საკვები პროდუქტების მწარმოებელი საჭიროებს ინფორმირებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის დაფუძნება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ეს იქნება შუამავალი რგოლი ფერმერებსა და არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ეს ყველაფერი ჯამში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან სასიხარულოა,”- განაცხადა სტივ ვერბლოუმ.
,,საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის” თანადამფუძნებლის, დემეტრე ერგემლიძეს განმარტებით, ასოციაცია აგრომიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას კონკრეტული კულტურის მოყვანის ან მეურნეობის შექმნის შესახებ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა აგრომიმართულებით მუშაობს, მედიაში ინფორმაცია მცირეა.
,,ასოციაცია ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია აგრომიმართულებით, მიაწვდის ინფორმაციას თუ როგორი პრინციპებით მუშაობს სოფლის მეურნეობა, რომ მათ შემდეგ სწორად მიაწოდონ ინფორმაცია სამიზნე ჯგუფს. ასოციაცია ხშირად ჩაატარებს ტრენინგებს აგროჟურნალისტებისთვის, მოვიწვევთ ექსპერტებს, რომლებიც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილება. ვგეგმავთ ბევრ წამახალისებელ აქცას იმისთვის, რომ ჟუნალისტები უფრო მეტად დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის თემატიკით. მედიაში ასეთი ინფორმაცია საკმაოდ ცოტაა, თუმცა სამიზნე ჯგუფია დიდი, რადგან სოფლად მცხოვრებთა უმეტესობა დაკავებულია სოფლის მეურნეობით,” – განაცხადა დემეტრე ერგემლიძემ.
პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნესტან მერმანიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება და აგრომიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწვდა მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფის უკეთ ინფორმირებისთვის.
,,უცხოელი აგროჟურნალისტი სტივ ვერბლოუ პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით ჩამოვიდა, რათა ჟურნალისტებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. ჩვენ, გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში აგროჟურნალისტიკას და ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების ცოდინის ამაღლებას. ასევე, ჩვენი მხარდაჭერით შეიქმნა ასოციაცია, რომელიც გააერთიანებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს, მწერლებს, ბლოგერებს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის მხრივ ხელს შეუწყობენ მეწარმეების, ფერმერების თუ სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას. ეს კი საბოლოო ჯამში მოემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას.”
ასოციაცია ,,მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი თვლის, რომ ასოციაციის შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პირველი გადადგმული ქმედითი ნაბიჯია.
,,ეს არის პირველი ნაბიჯი აგროჟურნალისტების ერთად თავმოყრის და მცდელობა იმის, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში განვითარდეს და დაიძრას ყინული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობა იქნება შედეგიანი და მომავალ წელს ბევრი გვექნება სათქმელი და ბევრ საქმეც გავაკეთებთ ერთობლივად. იმდენად ცოტა ვართ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტები, რომ საჭიროა ერთად დავდგეთ სოფლის მეურნეობის განვთარებისთვის, მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის.”
საინფორმაციო პორტალ kvemokartli.ge-ს რედაქტორი მანონ ბოკუჩავა ამბობს, რომ რეგიონული მედია აქტიურად მუშაობს აგრომიმართულებით. მისივე თქმით, ამ კუთხით ჟურნალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
,,აგროჟურნალიოსტიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონული მედია ისედაც მუშაობს ამ თემაზე. ძალიან სასიხარულოა ,,აგროჟურნალისტთა ასოციაციის” შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ამ მიმართულებით ვისწავლოთ მეტი და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები.”