კაჭრეთში კენკრის მწარმოებელთა პრობლემებზე იმსჯელეს
,,კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის” წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის ერთ–ერთ გზად მწარმოებელთა გაერთიანებასა და გუნდურად მუშაობას მიიჩნევენ.
ასოციაციის თავმჯდომარე, იზოლდა ქიტესაშვილი ამბობს, რომ კენკროვანი კულტურების წარმოება საქართველოში ახალია. შესაბამისად, ფერმერები, ვინც იწყებენ კენკროვანი კულტურების წარმოებას, სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან.
,,ერთად უნდა ვიმსჯელოთ პრობლემებზე და დავსახოთ სამომავლო მიზნები. ჩვენი სურვილია, რომ არსებული პრობლემები ერთობლივი ძალებით გადავჭრათ. კენკროვანი კულტურების წარმოება ახალია, ამიტომ ამ მიმართულებით ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ არ ვიცით როგორ გავაშენოთ ეს კულტურები, ასევე, არ ვიცით რომელი კლიმატია მისთვის მისაღები. გარდა ამისა, პრობლემურია გასაღების ბაზრის მოძიება, მაგრამ იმდენად დიდია მწარმოებლების მოტივაცია და ენთუზიაზმი, რომ ვთვლი ამ პრობლემებს ერთად გადავლახავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დონორი ორგანიზაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ შევძლებთ რამდენიმე ნაბიჯით წავიწიოთ წინ,”- განუცხადა Knews.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ კენკროვან კულტურებზე და წარმოებულ პროდუქტზე როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოთხოვნა იზრდება. მისი შეფასებით, კენკრა მომავლის პროდუქტია, რომელმაც სამომავლოდ უნდა ჩაანაცვლოს სხვა დარგები.
,,ჩვენს ასოციაციაში გაჩნდა იდეა კენკროვანი კულტურების გავრცელების ხელშეწყობაზე. ამის შემდეგ კი, უკვე ჩამოყალიბდა კენკროვანთა ასოციაცია. ეს ორი ასოციაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. მინდა აღვნიშნო, რომ წარმოების დროს კოოპერაცია არის საუკეთესო საშუალება სოფლის მეურნეობის გადარჩენის. კენკრა მომავლის პროდუქტია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ტრადიციული დარგები, რომელიც არის შრომატევადი და მეტ ხარჯს მოითხოვს. კენკრა კი არის მოთხოვნადი პროდუქტი და ნაკლები დანახარჯით ფერმერს აძლევს დიდ მოგებას.”
კენკრის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. ისინი ამბობენ, რომ, პრობლემაა სარწყავი სისტემის არარსებობა, რაც შემდეგ მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე აისახება.
,,რაც მივიღე გადაწყვეტილება რომ კენკროვანი კულტურა გამეშენებინა და დამეწყო ამ მიმართულებით საქმიანობა, გადავწყვიტე, მიმეღო ინფორმაცია სხვადასხვა გამოცემებისა და სოციალური ქსელების დახმარებით. ვუყურე მომზადებულ ვიდეოებს, მოვისმინე ექსპერტების მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, სოფელ არაშენდაში გავაშენე 2,5 ჰექტარზე უეკლო მაყვალი. ვარ კენკროვანთა ასოციაციის წევრიც და ვფიქრობ, რომ ეს დამეხმარა საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ასოციაციის წევრებს გააზრებული გვაქვს, რომ ცალკეული მეურნეობა ამ დარგს წარმატებულად ვერ აქცევს. გვაქვს საერთო, მსგავსი პრობლემები: პირველია გამოცდილების არქონა და ასევე, თეორიული ცოდნის ნაკლებლობა, არ გვაქვს ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ასოციაციის წევრების ხშირი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას იმისთვის, რომ შევძლოთ ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და მიზნამდე მოკლე ხანში მივიდეთ. გარდა ამისა, სარწყავი სისტემების გაუმართაობის გამო არ არის მოწესრიგებული, ეს დიდ ზარალს აყენებს ფერმერს. გამოდის, რომ ჩვენი შესაძლებლობების 5%–ს ვერ ვიყენებთ,” – ამბობს knews.ge-სთან კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ელისო ღვინიაშვილი.
გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის სისტემების ექსპერტი თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ კენკროვანი კულტურების წარმოების და დარგის განვითარების მიმართულებით ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მისი თქმით, აუცილებელია მწარმოებელთა ინფორმირება, წარმოების გაზრდა და მიღებული პროდუქტის შესანახად სამაცივრე მეურნეობების ხაზის განვითარება.
,,კახეთის რეგიონში, კენკროვანი კულტურების პოპულარიზაცია ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. დღეს ვხედავთ, რომ შეიქმნა კენკროვანთა ასოციაცია, სადაც ბევრი ფერმერია გაწევრიანებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ხშირად იკრიბებიან, საუბრობენ და მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება შემდეგ დამუშავდეს და მიეწოდოს შესაბამის სტრუქტურებს. სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფერმერებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ არსებული პრობლემები და განვითარდნენ. სამომავლოდ, მწარმოებლებს ექსპორტზე გასვლის შანსს გაუჩენს. კენკროვანი კულტურები მოთხოვნადი და რეალიზებადია ევროკავშირის ბაზარზე, მთავარია დავიცვათ ხარისხი და გავზარდოთ წარმოება. ამ კუთხით ბევრია სამუშაო. საქართველოში არ არსებობს ისეთი სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც გარკვეული რაოდენობის კენკროვანი კულტურის შენახვას შეძლებენ. ჩვენც მუდმივად ვმუშაობთ მწარმოებლებს დავეხმაროთ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა 22 დღიანი მოდულური გადამზადების პროგრამა სახელმძღვანელოსთან ერთად. ეს ფერმერს, რომელსაც უნდა აღნიშნული კულტურის გაშენება მისცემს საშუალებას, რომ საქმიანობის დაწყებამდე მიიღოს შესაბამისი ცოდნა კონკრეტული მიმართულებით და დაიწყოს კონკრეტული საქმიანობა.”