ახალი ამბები

ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე კაბინაში ორი ამომრჩეველი დააფიქსირეს

როგორც knews.ge–ს „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა განუცხადა, საარჩევნო კაბინაში უსანათლო ამომრჩეველთან ერთად შევიდა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ამ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. 
„ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და დახმარების გარეშე ვერ ახერხებდა კენჭისყრის შენობაში შესვლას. მას დაეხმარა მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ამ უბანზე რეგისტრირებული არ იყო. ეს კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან ამ ამომრჩეველს ნების გამოვლენაში უნდა დახმარებოდა 23–ე უბანზე რეგისტრირებული ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლეს, რადგან არ ახსოვთ ვინ იყო. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ადამიანმა, რომელიც უსინათლო ამომრჩეველს დაეხმარა, ისე დატოვა საარჩევნო უბანი, რომ თავად ხმა არ მიუცია. რადგან არ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულება, საჩივარი ვერ დავწერეთ“, – განუცხადა knews.ge–ს ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა. 
ჯოყოლოს 23–ე საარჩევნო უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ერთი დარღვევა უკვე დააფიქსირა. ორგანიზაციის აღმსარულებელი დირექტორის, ალექსანდრე ახალმოსულიშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნებიდან“ საარჩევნო უბანზე ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.