ყარაჯალას 54–ე უბანზე კომისიის წევრმა მარკირების შემოწმების გარეშე მისცა ხმა
აღნიშნული ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „პრეს მედიის“ დამკვირვებელმა დააფიქსირა და რეაგირებისკენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომელმაც გამოწივია დაპირისპირება.
,,მმარველი პარტიის დამკვირვებლები და კომისიის წევრები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ერთმანეთს ესაუბრებიან საკუთარ ენაზე და ამომრჩევლებს მიუთითებენ. ჩვენ ვერ ვიგებთ რას საუბრობენ. კომისიის წევრმა, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და აღმოჩნდა სპეც სიაში, არ გაუვლია მარკირებაზე შემოწმება. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რადგან არის ის სპეციალურ სიაში, არ არის საჭირო, რომ მარკირების შემოწმება გაიაროს. ეს აბსურდია და მარკირებაზე შემოწმება აუცილებელია, რადგან ეს კომისიის წევრი უბნიდან გასული იყო”, – განუცხადა knews.ge-ს „პრეს მედიის“ დამკვირვებელმა ბექა ნონიკაშვილმა.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი არის ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა ამომრჩეველმა, მათ შორის საარჩევნო კომისიების წევრებმა, უნდა გაიარონ მარკირების შემოწმება. გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, ამ დარღვევაზე საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა.