თელავის #8 უბანზე ამომრჩეველს ხმის უფლება შეეზღუდა
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბესიკ ჭინჭარაულის ინფორმაციით, პირს, რომელიც უბანზე გამოცხადდა, ხელზე სავარაუდოდ მარკირების სითხე უკვე ჰქონდა დასხმული.
მისი თქმით, საუბნო კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ამომრჩეველი უბანზე არ დაუშვა.
,,უბანზე გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც ემჩნეოდა თითქოს მარკირების სითხე ჰქონდა დასხურებული. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და ჩავთვალეთ, რომ მონაწილეობა არ მიეღო მას არჩევნებში. გვინდოდა შესაძლო გართულებები აგვეცილებინა თავიდან და ამიტომ ასე გადავწყვიტეთ”, – განუცხადა Knews.ge-ს ბესიკ ჭინჭარაულმა.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge-ს საარჩევნო პროცესიდან მოხსნილმა ამომრჩეველმა პირად საუბარში განუცხადა, რომ მას ხმა აღნიშნულ უბანზე უნდა მიეცა, თუმცა მისი განმარტებით, ხმის მიცემის უფლება კომისიამ გაურკვეველი მიზეზების გამო არ მისცა.
,,არსად მივსულვარ სხვა უბანზე, ან სად უნდა მივსულიყავი აქ ვარ დარეგისტრირებული. მივედი უბანზე, ხელზე დამანათეს და მითხრეს შენ ხმა მიცემული გექნება მარკირების სითხე გაქვს დასხმულიო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ დღეს ბევრი ნაცნობი ვნახე ვინც ხმა მისცა და შესაძლოა მათთვის ხელის ჩამორთმევის დროს ის სითხე გადამედო.”