სტატიები

თელავში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა

დისკუსიას, რომელიც კამპანიის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას”, ფარგლებში ჩატარდა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ. 

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართა. პროექტი: „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას”, რომლის სლოგანია, – ,,ქალის ხმა არჩევნებში!“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

ღონისძიების მონაწილეების თქმით, პოლიტიკაში ქალების ჩართულობა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.

მაია მამულაშვილი : მედია ცენტრი კახეთის დირექტორი:

,,ჩვენი ქსელის კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მხარს უჭერს ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში.  ქალთა მონაწილეობა განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე არის ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტილება. ყველას მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანასწორობის პრინციპის დაცვა. ქალთა გაძლიერება და ჩართულობა არის ძალიან  მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.’’

მაია ბიძინაშვილი – სათემო კაშირი ,,ნუკრიანის“ დირექტორი:

 ,,ქალები პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობდნენ და ითამაშებენ მომავალში. ქალი არის დამბალანსებელი, მზრუნველი და მას უფრო კარგად გამოსდის ეს საქმე, ვიდრე მამაკაცს.  სამწუხაროდ, თანასწორობა და გენდერული ბალანსი ადგილობრივ პოლიტიკაში დარღვულია.  ამიტომ  ეს საკითხი საზოგადოების აქტიური ჩართულობის საგნად უნდა იქცეს. გენდერული ბალანსი  აუცილებლად დასაცავია ყველას მხრიდან.’’

ეკა კობიაშვილი– თელავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი:,,მიმაჩნია, რომ ქალის როლი პოლიტიკაში ისეთივე სიმაღლეზე უნდა იყოს, როგორც კაცის. მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა.  ქალები მამაკაცებთან შედარებით არანაკლებ მიზანდასახულები არიან და მათ თუ აქვთ ამის სურვილი, რომ იყონ ჩართულნი პოლიტიკაში, არავინ უნდა შეუშალოს ხელი. მიმაჩნია, რომ ისინი პასუხისმგებლობის მაღალ დონეს გამოიჩენენ და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში მიიღებენ დიდ მონაწილეობას. ‘’

ნატალია ცისკარაშვილი – მედია ცენტრი კახეთის პროექტების კოორდინატორი:

,,დღეს ყველა მმართველ პოზიციებზე ძირითადად დასაქმებულები არიან მამაკაცებიმ ხოლო ქალები ასე ვთქვათ დაქვემდებარებულ საქმეს ასრულებენ. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, უნდა იყოს დაინტერესებული დაიცვას თანასწორობის პრინციპი. ამიტომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა უნდა გაიზარდოს.  შესაბამისად , სათანადო ზომები უნდა იყოს მიღებული როგორც სახელმწიფოს, ასევე პარტიების მხრიდან: მათ უნდა  შეიყვანონ ქალები  ე.წ. გამსვლელ სიებში. ბოლო დროს, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა მონაწილეობა მაინც მცირეა. შეიძლება ამის დროებით ზომად განვიხილოთ გენდერული კვოტაც, რათა ქალთა უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მივიღოთ.’’