ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს დააფინანსებს
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციების წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს, დააკმაყოფილონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციები და გაიუმჯობესონ საქმიანი ურთიერთობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
“დღეისათვის, საქართველოში აგროწარმოების განვითარებისთვის და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის აუცილებელი ფაქტორებია: ზოგადი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ბაზრის შესახებ, ევროკავშირის მოთხოვნების ცოდნა პროდუქტების მიმართ, ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და ა.შ. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეებს სურთ ამ თემებზე მეტი კონსულტაციებისა და ტრენინგების გავლის საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობის ზრდა იქნება მათი მხარდაჭერისთვის ეფექტიანი გზა. ეს მათ ხელს შეუწყობს DCFTA-ს სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებებისა და გამოწვევების გამოვლენის მიზნით ჩატარდა საჭიროებათა კვლევა, გამოიკითხა 47 მხარდამჭერი ორგანიზაცია და 114 მეწარმე. კვლევის ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უნდა მოიპოვონ სანდოობა წევრ და არაწევრ კომპანიებს შორის, საჭიროა კომუნიკაციისა და ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა და ეკონომიკის საკითხების, მათ შორის, DCFTA-ს მოთხოვნების ცოდნა.