ახალი მერების არჩევის შემდეგ ყველა სამსახურის უფროსი არ გათავისუფლდება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი. ორგანიზაციის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნილი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით).
„კანონი არ თვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად ყოფილიყო მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი აირჩიეს, მთელს საქართველოში კონკურსით შერჩეული გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არ ეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს“, – განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის, ოლეგ ლაცაბიძის სახელით, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდა.