სტატიები

ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წილი იზრდება

მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს კივი და ლურჯი მოცვი. კივი უდიდეს სავაჭრო ობიექტებში იყიდება. 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 1.20 ევროა. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე გავიდა. ევროპაში 1 კილოგრამი ქართული მოცვის ღირებულება 4.10 ევროთი განისაზღვრება. დიდი პოპულარობით სარგბელობს ბიო ღვინოც. მაგალითად, ლონდონის პრესტიჟულ რესტორანში 1 ბოთლის ფასი 65 გირვანქა სტერლინგია.
„ჩვენი ვენახები მდებარეობს სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელიც განლაგებულია მდინარე დურუჯისა და ალაზნის შენაერთთან. 2015 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრენდი იკანო, რომელიც ქართული და საერთაშორისო ტრადიციებისა და ყურძნის ჯიშების ნაზავია. მნიშვნელოვანია ჩვენი მეორე ბრენდი “ნელქარისი”, რომლის ექსპორტს უკვე ვახორციელებთ. ჩვენ გვყავს პარტნიორები ბელგიაში. “ნელქარისის” ღვინოები იყიდება დიდ ბრიტანეთში. ჩვენი აქცენტია, ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო და გვქონდეს პრემიუმ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია. ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანია “მეგობრების მარნის” ხელმძღვანელმა დავით წინწკალაძემ. 

ცხოველური წარმოშობის ერთ–ერთი პირველი პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევიდა, ეს არის მატყლი. ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში 22 ტონა მატყლი იყიდება. 
,,საქართველოდან ევროკავშირში მატყლის პირველი საცდელი პარტია 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა. პროდუქცია, რაც გვქონდა, უკრაინასა და ინდოეთში გავგზავნეთ. ეხლა ველოდებით პასუხს, რომ ბრიტანეთში გავიტანოთ“, – აღნიშნავს eugeorgia.info–სთან Curtis wool direct limited-ის ხელმძღვანელი ზაურ კულიევი. 

ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა იზრდება ქართულ ჩირზე, ნიორზე, ასკილსა და ფურისულაზეც. ევროკავშირი ჩირის ერთ–ერთი მხსვილი მომხმარებელია. პროდუქციის ყველაზე დიდი ნაწილი 25% კი დიდ ბრიტანეთში იყიდება. მოთხოვნა იზრდება კენკროვან კულტურებზეც.

,,ხურმის მოსავალი საკმაოდ ბევრი მაქვს. უახლოეს მომავალში გერმანიაში გავიტანთ პროდუქციას, 10 ტონა ხურმის ჩირი შეგვიკვეთეს. ვიცით, როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და შეფუთული და რაც მთავარია ლაბორატორიულად შემოწმებული. ევროპის ბაზარზე კენკროვანი კულტურები მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს ისეთი დიდი წარმოება, რომ ევროპაში გავიტანო. ვაწარმოებთ უეკლო მაყვლის ნერგებსაც, მოთხოვნა ძალიან დიდია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი.

ევროპის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორმა ივლისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო შესულიყო მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ზღვის თევზის – ქაფშიას ექსპორტი ნებადართულია. ევროკავშირის ბაზრის უპირატესობებია: სტაბილურობა, ღია თამაშის წესები, დისტრიბუციის გამართული ქსელი, მზარდი ფასები, მოთხოვნა ნატურალურ და ბიო პროდუქტებზე, მაღალმსყიდველობითუნარიანი მყიდველი.