ინოვაციური პროგრამა თელავში – სწავლა თამაშით ლეგოსთან ერთად
ამ პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევისა და განვითარების ფონდი თელავში „ორბელიანი საქართველოს“ მხდარდაჭერით ახორციელებს. ფონდის ხელმძღვანელი თამარ ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ ამ პროგრამების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ცოდნის პრაქტიკაში შეგნებულად გამოყენების უნარი.
„თბილისში ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამები რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს, მაგრამ თელავში არ იყო. თელავში ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოთხოვნა არსებობდა. ძირითადი პრინციპი, რომელზეც ეფუძნება ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამები, არის სწავლება თამაშით. სასწავლო პროგრამები ისეა შემუშავებული, რომ მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ ცხოვრებას. სასწავლო პროგრამები მოქმედებს ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლამ სპეციალური ოთახი უსასყიდლოდ გამოგვიყო“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ ზურაბიშვილმა.
გარე სამყაროს შესახებ წარმოსახვის გაფართოება, აღქმის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების საწყისების გაცნობა, ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი, – ეს ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამები მიზნების არასრული ჩამონათვალია. თელავში ამ ეტაპზე ლეგოს 4 საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. პროგრამებზე სწავლა ფასიანია, რომლის ღირებულება 45–დან 55 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 4 პროგრამა და ვმუშაობთ 5–დან 12 წლამდე მოსწავლეებთან. 5–დან 8 წლამდე მოსწავლეებისათვის გვაქვს ორი პროგრამა: „შექმენი შენი ისტორია“ და „სახალისო მათემატიკა“. შექმენი შენი ისტორია ორიენტირებულია ვერბალური უნარების განვითარებაზე. ყველა გაკვეთილი აგებულია იმ პრინციპით, რომ კონკრეტულ თემაზე უნდა ააწყონ ისტორია და მოყვნენ. ამით მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარები უვითარდებათ. სახალისო მათემატიკის მიზანი არის მათემატიკური–უნარჩვევების განვითარება და ეს არ არის მიბმული სასკოლო მათემატიკაზე. პროგრამის ძირითადი მიზანია დავალებებით გამოუმიშაონ მათემატიკური ლოგიკა, ისწავლონ რა არის სიმეტრია, სიმაღლე, სიგრძე, სიგანე, მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცითი შეგრძნებები. სასწავლო პროგრამებზე სწავლის ღირებულება 45–დან 55 ლარამდე მერყეობს“, – აღნიშნავს თამარ ზურაბიშვილი.
„მანქანები და მექანიზმები არის ლეგოს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია ბავშვებს თამაშით შეაყვაროს მეცნიერება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და ფიზიკის საწყისი ელემენტების შესწავლა. ბავშვების ინტერესი საკმაოდ დიდია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სახალისოა და მოსწონთ, რასაც აკეთებენ“, – აცხადებს Knews.ge–სთან საუბრისას ლაგოს პროგრამების მასწავლებელმა, გიორგი თავბერიძემ.
10 წლის ზაქარია მოდებაძე და 11 წლის ნინო ბეჟანიშვილი კვირაში ორჯერ ლეგოს გაკვეთილებზე ხალისით მიდიან. ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთი გაკვეთილი საათნახევარი გრძელდება, მაგრამ არ სურთ დრო სწრაფად გავიდეს, რადგან ყველა გაკვეთილი საინტერესოა.
„მე ვსწავლობ მექანიკას და ძალიან სახალისო პროგრამაა. ვაწყობთ რობოტებს, წისქვილს და სხვადასხვა მექანიზემებს“, – აღნიშნავს ზაქარია მოდებაძე.
„მე ძალიან მაინტერესებდა ლეგოს პროგრამა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქტორებს ვაწყობთ და თან ვერთობით“, – ამბობს ნინო ბეჟანიშვილი.
კვლევისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თამარ ზურაბიშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ამოქმედდება პროგრამირების უფასო პროგრამა, რომელზე სწავლაც უფასო იქნება. პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ალავერდის ეპარქიის სკოლის მხირიდან გაწეული დახმარება, რაც უსადყიდლოდ ფართის დათმობას გულისხმობს.