ლაგოდეხის მერობის კანდიდატი – სამართალდამცავებმა სასტიკად მცემეს
თორნიკე მაჭარაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ლაგოდეხის მერობის კანდიდატი 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს შენობასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დააკავეს.
„იზოლატორში შემიყვანეს 11 ოქტომბერს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე. ამ ხნის განმავლობაში ჩემზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. სამართალდამცავებმა სასტიკად მცემეს. პოლიციელები გულმკერდის არეში მირტყამდნენ. ჩემი ინფორმაციით, პოლიციელს, რომელმაც დამაკავა, ტელეფონზე დაავალეს გაერკვია ჩემი ვინაობა. მე ვუთხარი, რომ ვიყენებდი დუმილის უფლებას, არ მითქვამს ჩემი სახელი და გვარი და არც სურათი გადავაღებინე. როდესაც შემიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჩამიტარეს სამედიცინო დათვალიერება. მე მაქვს სისხლჩაქცევები და ეს სამედიცინო შემოწმების დოკუმენტებშიც დაფიქსირებულია. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. ხელისუფლებამ იცის, რომ ლაგოდეხში არჩევნები აქვს წაგებული და ცდილობს ჩემს დაშინებას. მე მათ გარანტიას ვაძლევ, რომ ამ აგონიას 21 ოქტომბერს დავასრულებთ“, – განუცხადა knews.ge–ს თორნიკე მაჭარაშვილმა.
10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები, მათ შორის ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი, ითხოვდნენ საკრებულოს სხდომაზე დასწრებას, სადაც თაბორის მთაზე და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. სამართალდამცველებმა ენმ–ს 14 წევრი, მათ შორის თორნიკე მაჭარაშვილი, დააკავეს. ისინი გუშინ მომდევნო სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლეს. თბილისის საკრებულოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრის სასამართლო პროცესი 17 ოქტობრამდე საქალაქო სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო.