მსოფლიოში კახეთი ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა
“Skyscanner”-ის რეიტინგში ’’ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო იდეები 2017 წლის შემოდგომაზე“ საქართველო, კერძოდ, კახეთის რეგიონი, წამყვან პოზიციაზეა.
“კარგი ღვინო მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მზადდება, თუმცა Skyscanner-მა 10 საუკეთესო ქვეყანა აირჩია, სადაც შემოდგომაზე ღირშესანიშნაობებთან ერთად, შესაძლებელია უძველესი ღვინის სარდაფები მოინახულოთ, რთველში მიიღოთ მონაწილეობა და ფერად ფესტივალებზე გაერთოთ. ქართული მეღვინეობის და სტუმართმოყვარეობის უძველესი ტრადიციები ქვეყანას ღვინის ტურიზმისთვის იდეალურ ადგილად ხდის. კახეთი საქართველოს გულია ღვინის დამზადების მიმართულებით”, – წერს Skyscanner.
მოგზაურებს, რომლებიც ღვინით არიან დაინტერესებულები, გამოცემა წინანდლის, გურჯაანის, ალავერდის, თელავის და ალაზნის ველის მონახულებას ურჩევს.
“არ უნდა გამოგრჩეთ სიღნაღის მონახულება. ადგილობრივმა სილამაზემ და ღვინომ ერთხელ ისე მოხიბლა ამერიკელი მხატვარი ჯონ ვურდემანი, რომ ის სიღნაღში დასახლდა და მეღვინეობა დაიწყო. საკუთარი კომპანია “ხოხბის ცრემლები” დააარსა და ღვინის ტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი. მალე საკუთარი რესტორანიც გახსნა, სადაც სურათების გალერეა მოაწყო“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი მკითხველს რთველის ტრადიციასაც აცნობს:
“მოგცემენ ვაზის სასხლავ სეკატორს, უზარმაზარ კალათას და გაგიშვებენ ვენახში. საღამოს კი ტრადიციულად გემრიელი ქართული კერძებით სავსე სადღესასწაულო სუფრასთან მიგიპატიჟებენ, რომელსაც ხალხური სიმღერებით, ცეკვებით და სადღეგრძელოებით ალამაზებენ. ასევე შემოდგომაზე საქართველოს მონახულება შესანიშნავი შესაძლებლობაა ყურძნისა და კაკლისგან ან თხილისგან დამზადებული ტკბილეულის “ჩურჩხელას“ დასაგემოვნებლად”, – წერს გამოცემა.
“Scyscanner”-ის რეიტინგის პირველ პოზიციაზე საფრანგეთია, მეორე ადგილზე იტალიაა თავისი ცნობილი მეღვინეობის რეგიონებით: ლომბარდია, ტრენტო, ფრიული, პიემონტი და ტოსკანი. მესამე ადგილს იკავებს საქართველო, რომელსაც მოჰყვება: პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, მოლდოვა, ესპანეთი და რუსეთი.