ევროპული საქართველოს კანდიდატი – ცეცხლსასროლი იარაღი სათამაშო იარაღით შეცვალეს
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს.
ნოდარ ეჟიშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა. ეჟიშვილის ვარაუდით, ცეცხლსასროლი იარაღი სათამაშო იარაღით შეცვალეს.
„მე და ჩემი მეგობარი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ვსაუბრობდით დღევანდელი შეხვედრის შესახებ. გვესმოდა გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვები. ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია, ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ნასვამი იყო და იგინებოდა. შემდეგ იმ ადამიანმა ამოიღო იარაღი და დამიმიზნა. მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართა. შემდეგ შევედი ოფისში, სადაც ქალბატონები იყვნენ, რომლებიც გავაფრთხილე, არ გასულიყვნენ ოფისიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ მჯერა, რომ თითქოს სათამაშო იარაღი ამოიღეს ნივთმტკიცებად. დარწმუნებული ვარ, რომ უცნობი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დამემუქრა. რაც შეეხება ბრალდებულს, მისი მანქანა ხშირად შემიმჩნევია „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბთან. დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულში ბრალდებული არ მოქმედებდა პირადი ინიციატივით. ოფისი გავხსენით დაახლოებით 4 თვის წინ და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა, მოვიდოდა და გამოხატავდა პროტესტს“, – განუცხადა knews.ge–ს ნოდარ ეჟიშვილმა.
„ქართული ოცნებიდან“ თელავის მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი ნოდარ ეჟიშვილის მუქარაში ბრალდებულის კავშირს მმართველ პარტიასთან გამორიცხავს.
„აბსურდია, რომ ბრალდებულს ჩვენთან აქვს რაიმე სახის კავშირი. ასეთ აბსურდულ განცხადებაზე კომენტარს არც გავაკეთებ. არც კი ვიცი, ვინ დაემუქრა ევროპული საქართველოს თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. ჯობს, რომ ევროპულმა საქართველომ ნორმალური კამპანია ჩაატარონ და არა მსგავსი აბსურდული განცხადებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა.