უამინდობამ კახეთში ყურძნის კრეფის პროცესი შეაფერხა
მევენახეების თქმით, უამინდობის გამო ისინი ყურძნის კრეფას ვერ ახერხებენ, რომლის გამოც შესაძლოა დამწიფებული მოსავალი გაფუჭდეს.
,,რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმაა, ვენახებში ვერ შევსულვართ ისეთი ტალახია და დაგუბებული წყალი. ზოგი მაინც კრეფავს, მაგრამ დიდი გაჭირვებით და წვალებით. ბევრი მევენახე ამინდის გამოსვლას ელოდება. თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა დაუკრეფავი ყურძენი დალპეს და ცუდ დღეში ჩავვარდეთ”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანელმა მევენახეებმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთში წვიმიანი ამინდი 27 სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რომელმაც ყურძნის კრეფის პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა.
,,ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 102 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 116 მლნ ლარს მიაღწია. წვიმიანი ამინდების მიუხედავად, 1 ოქტომბერს გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 45 300 ტონა რქაწითელი, 47 200 ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.