ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
„ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკებს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება. ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ვიზიტორებმა ინტერაქტიული-სათავგადასავლო მეთოდით უკეთ, ახლოდან შეიცნონ და შეიგრძნონ ბუნება. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 100 000 ვიზიტორის მასპინძლობას შეძლებს“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სულამანიძემ.
ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს” – TJS-III-ის ფარგლებში გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.
„ტენდერში მონაწილე კომპანიას ევალება ხის კენწეროებზე ბილიკის მოწყობის პროექტის სოციალურ–ეკონომიკური შეფასება და ბილიკის პროექტის შემუშავება. პროექტით ბილიკის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე დადგინდება. ხის კენწეროების ბილიკის კონკრეტული აღწერილობა და ატრაქციებიც პროექტით განისაზღვრება. მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრი იქნება. ბილიკი, სავარაუდოდ, განთავსდება ნაკრძალის ქვედა ხეობაში, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარეობს“, – აღნიშნა სულამანიძემ.
პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აფინანსებს.