როგორია კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემო
ზეწოლა – მუქარა, ძალადობრივი ქმედებები, წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობა და ინტერესთა კონფლიქტი – ეს არის ძირითადი დარღვევები, რომლებზეც ანგარიში ამახვილებს ყურადღებას.
დოკუმენტში მოხვდა თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი დარღვევები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
მაკა ფრიდონაშვილი ამტკიცებს, რომ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ყორჩიშვილი დედამისს, აიდა ფრიდონაშვილს, რომელიც სოფლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს, სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრა, თუ მისი შვილი კანდიდატურას არ მოხსნიდა.
„სკოლის დირექტორმა დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მე სასწრაფოდ არ მოვხსნიდი კანდიდატურას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ზოგიერთი ხელისუფლებაში, ზოგი – ოპოზიციაში. იმის გამო რომ შვილი არის ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, მშობელს სამსახურში არ უნდა ექმნებოდეს პრობლემა“, – განუცხადა knews.ge–ს მაკა ფრიდონაშვილმა.
ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლას.
„არჩევნებში ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომელ პარტიას მისცენ ხმა. ჩვენ მაკას კანდიდატურის შესახებ საუბარიც კი არ გვქონია და ჩემი მხრიდან მუქარაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი საქმე არ არის, 36 წლის ქალბატონი რას მოიმოქმედებს და რომელი პარტიიდან იყრის კენჭს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ლამზირა ყორჩიშვილი.
„სამართლიანი არჩევნები“ თელავში გამოვლენილ რამდენიმე დარღვევაზეც მიუთითებს. 7 სექტემბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრიფინგი გამართა „ლეიბორისტული პარტიის“ თელავის მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ვარდოშვილმა. მერობის კანდიდატი საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატად დარეგისტრირების პროცესში ხელშეშლაში ადანაშაულებდა. ნიკა ვარდოშვილის მტკიეცბით, გიორგი კალმახელიძე მას სათანადო კონსულტაციას არ უწევდა, რომლის მიზეზიც პირადი დაპირისპირებაა.
,,რამდენჯერმე მივედი საოლქო კომისიაში, მაინტერესებდა გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ კანდიდატად რეგისტრაცია გამევლო, მაგრამ მან კონსულტაცია არ გამიწია, რადგან პირადი დაპირისპირება აქვს ჩემთან. როდესაც მივედი ოლქში ჟურნალისტებთან ერთად, ყველამ ნახა მაშინდელი გადაღებული ვიდეო კადრები, რომ შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და მან პოლიცია გამოიძახა’’, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნიკა ვარდოშვილმა.
გიორგი კალმახელიძის განმარტებით, ვარდოშვილმა დაარღია საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლი, რომელიც საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა.
,,აღნიშნული პირი შემოიჭრა საოლქო კომისიაში ისე, რომ არ ჰქონდა კონკრეტული ნებართვა და არ ყოფილა არანაირი შეთანხმება. იმ დროს ოლქის წევრები და იურისტი იყვნენ თათბირის რეჟიმში, ეს კი გულისხმობს საოლქო–საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას, წესრიგის დარღვევას’’,– განაცხადა knews.ge–სთან საუბრისას გიორგი კალმახელიძემ.
შუალედური ანგარიშში საუბარია სააგიტაციო მასალების დაზიანებსა და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზეც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი მიუთითებს, რომ მათ 13 სექტემბერს თელავის ტერიტორიაზე განათავსეს სარეკლამო პლაკატები, თუმცა იმავე ღამეს, გვიან საათებში ნახეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე, მთელს ტერიტორიაზე ჩამოხეული იყო სააგიტაციო მასალა. ბოტკოველი ვარაოდობს, რომ პლაკატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოხიეს, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზეც. თელავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შტაბიდან მიაწოდეს ინფორმაცია, საიდანაც დასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში წინასწარ განსაზღვრული სიები ჰქონდა.
,,სამართლიანი არჩევნების მიერ საოლქო საარჩენო კომისიის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრებისა და ბოტკოველის მიერ გამოქვეყნებული სიის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ ბოტკოველის მიერ გამოქვეყნებული სიიდან მხოლოდ ერთი პირი N50 საუბნო საარჩევნო კომისიაში არ დაემთხვა ჩამონათვალს. სიაში მითითებული სხვა ყველა პირი არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ“, – ნათქვამია ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნების ანგარიშში აგიტაციის ფაქტიც მოხვდა. დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბერს, სამუშაო საათებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, სამუშაო საათებში გამოაქვეყნა ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, როსტომ სესიაშვილის მხარდამჭერი პოსტი კანდიდატის ფოტოსურათისა და მისი ბიოგრაფიის მითითებით. ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების სახელით კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარატვენ, რომ ჭიპაშვილის თანადებობის გათვალისწინებით აღნიშნული მოწოდება შეიცავს ადმინისტარციული რესურსის გამოყენების ნიშნებს და დაქვემდებარებული პირებისთვის სავალდებულო ინსტრუქციას.
,,აღნიშნულთან დაკავშირებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და ქეთევან ჭიპაშვილისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. 27 სექტემბერს ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მასში მითითებული არ არის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამასთან სამართლებრივ აქტში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების ვადა და წესი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევაა და წარმოადგენს აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.