სტატიები

თელავში განათლებისა და დასაქმების გამოფენა გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა. სწავლა და მუშაობა ერთად – ასეთია მთავარი იდეა პროფესიული განათლების რეფორმისა, რომელიც მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, ე.წ. დუალური სწავლების ჩამოყალიბებას. საქართველოს ფერმერთ ასოციაციის წარმომადგენელმა, პროფესიული განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ მესხიშვილმა განათლებისა და დასაქმების გამოფენის ფარგლებში სწავლების ამ მოდელის შესახებ გამართა პრეზენტაცია. მესხიშვილი ამბობს, რომ დუალური სწავლება ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამავე დროს იმ სფეროებში, როგორებიცაა მეღვინეობა, ელეტქროინჟინერია, მშენებლობა და სხვა, გაიზრდება პროფესიონალი კადრი. 
,,ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ სტენდი და დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მივაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენ კოორდინაციას და პოპულარიზაციას ვუწევთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ე.წ დუალური სწავლების ახალ მოდელს. მოვუწოდებთ ყველას, რომ 4 –დან 15 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ პროფესიულ პროგრამებზე, მიიღონ განათლება და პარალელურად დაიწყონ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში წარმოდგენლები იყვნენ ის კომპანიები, სადაც ახალგაზრდებს მოუწევთ პრაქტიკის გავლა. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია იმ გაგებით, რომ ზოგადად საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის საგანმანათლებლო პროგრამებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩემი აზრით, ეს სტუდენტებისთვის ერთგვარი სახალისო და ამავდროულად ინფორმაციულად დატვირთული თავშეყრის ადგილია. ‘’
პროგრამის ხელმძღვანელი, დანიელ ბირკენმაიერი განმარტავს, რომ განათლებისა და დასაქმების გამოფენის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას. მისივე თქმით, ეს თავისთავად კვალიფიციური და განათლებული კადრების რეგიონიდან მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს. 
,,პრობლემა, რომელიც კახეთში დგას, შეეხება ახალგაზრდებს და განათლებას. ისინი მიდიან სასწავლებლად საზღვარგარეთ ან თბილისში და ტოვებენ თავაანთ რეგიონს, სოფლებს და ქალაქებს. სხვაგან იღებენ განათლებას, იქვე საქმდებიან და უკან აღარ ბრუნდებიან. აქედან გამომდინარე ხშირად დგას ის პრობლემა, რომ რეგიონში ჭირს კვალიფიციური კადრის შოვნა. ბევრი კომპანია და უამრავი ადგილია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ დასაქმდნენ. ხშირად კვალიფიციური კადრის მოძიება ჭირს, რადგან უმეტესობა არის წასული თბილისში ან საზღვარგარეთ. განათლების გამოფენის ჩატარებით ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ განათლების მიღება რეგიონში. გვინდა ახალგაზრდებს და მათ მშობლებს გაუჩნდეთ იმის განცდა, რომ კახეთშიც შეიძლება განათლების მიღება, დასაქმება და აქაც არის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა შეიქმნან კარგი მომავალი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებმა, დამსაქმებელმა კომპანიებმა და ახალგარდებმა მათი დახმარებით მიიღეს ინფორმაცია განათლების და დასაქმების შესახებ. ჩვენ ვქმნით ინფორმაციის მიწოდების პირველ საბაზისო საფეხურს, რომლის შემდეგაც ახალგაზრდები ჯერ იპოვიან სასურველ სასწავლებელს და შემდეგ სასმახურს‘’,–– განუცხადა knew.ge-ს დანიელ ბირკენმაიერმა.
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის (GIZ) წარმომადგენელი რუსუდან აბულაშვილი განათლების და დასაქმების გამოფენას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მიუთითებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დარჩენას რეგიონში. 
,,უკვე რამდენიმე წელია ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ პროგრამის ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით და გერმანიის ქალაქ ბიბერახსა და თელავს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იმართება საგანმანათებლო გამოფენა. მისი მიზანი არის ახალგაზრდებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის იმ პროფესიული მიმართულებების გაცნობა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება წინ გადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმისათვის რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ და რაც მთავარია მოიძიონ სამუშაო ადგილები, რათა დარჩნენ რეგიონში’’,– განუცხადა Knews.ge-ს რუსუდან აბულაშვილმა.
,,CHCHX Productions’’ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც შრომის ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენელი თორნიკე ხალხელაური აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას. 
,,მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის ბევრი კომპანია წარმოდგენილი, რომელსაც აქვს ვაკანსია ან შეიძლება ჰქონდეს მომავალში. მეც ერთ–ერთ კომპანიას წარმოვადგენ ,,CHCHX Productions’’–ს აქ ვმუშაობ და ჩვენ გვქონდა საინფორმაციო სტენდი, რომლითაც ახალგაზრდებს მოვუწოდებდით მოსულიყვნენ ჩვენთან და გაცნობოდნენ ჩვენს პროდუქციას. ‘’
მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი (GIZ), ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის’’ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვი¬თარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია” თელავში უკვე მესამედ ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებას 5000-მდე ახალგაზრდა დაესწრო.