თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს”
ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებენ საარჩევნო უბანზე მისვლისას ბიულეტენში ცხვარი ჩაწერონ და შემოხაზონ. აქტივისტის, არჩილ ჭედლიშვილის თქმით, აღნიშნული ქმედებით მოქალაქეები ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მიმართ პროტესტს გამოხატავენ.
“თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას და არაფრის იმედი არ აქვთ და თვლიან, რომ არცერთი პარტია მათ მხარდაჭერას არ იმსახურებს, მაინც მივიდნენ არჩევნებზე, ჩაწერონ ბიულეტენში და შემოხაზონ ცხვარი. ჩვენ ვაპირებთ თელავის საოლქო–საარჩევნო კომისიას მივმართოთ განცხადებით, რომ დაითვალონ ბიულეტენებზე მიწერილი ცხვრები”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
აქტივისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს.
,,ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს’‘, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მაკა მოსიაშვილმა.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალაქ თელავს კვლავ თვითმმართველ ქალაქის სტატუსი ჰქონდეს.