დისკუსია არჩევნებში ქალთა ჩართულობის საკითხებზე
გენდერულმა ქსელმა შეიმუშავა წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი, რათა მსგავს ქმედებაზე მოახდინონ რეაგირება და ყველა შემთხვევა გაიტანონ საჯაროდ განსახილვევლად.
,,ყველა კანდიდატმა უნდა გაიაზროს ის, რომ ამომრჩეველს მივცეთ თავისუფალი ნება გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი საკრებულოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ჩემი საარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვხვდებით მოსახლეობას. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირებაა ის, რომ იქნება ნაკლები ბიუროკრატია, შესაბამისად დაზოგილი თანხა მოხმარდება საზოგადოების კეთილდღეობას. გენდერულ ჭრილს რაც შეეხება, პარტიულ სიებში გვაქვს 50%–იანი ბალანსი დაცული, მერობის ქალი კანდიდატებიც ბევრი გვყვავს წარმოდგენილი“, – განუცხადა knews.ge-ს პარტიიდან ,,ერთობაახალი საქართველოსთვის“ თელავის მერობის კანდიდატმა თამარ ლამაზოშვილმა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ცოტა დრო. საარჩევნო დაპირებებში უნდა ვიყოთ ფრთხილები და თანამიმდევრულები. ჩემი მხრიდან მთავარი შეთავაზებაა, შემუშავდეს ქალაქის გენერალური გეგმა. ასევე, არ გავწყვეტ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც მანდატს მოგვანიჭებენ. ვამბობთ, რომ სწორად შენების დროა. რაც ცუდია – ვცვლით, რაც კარგია – ვტოვებთ, რაც გვაკლია – ვქმნით. რაც შეეხება ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მხარს ვუჭერ მათ მაქსიმალურ აქტიურობასა და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში. ეს პრობლემა არსებობდა 100 წლის წინაც და არის დღესაც“, –აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას პარტია ,,შენების მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატმა გელა გელაშვილი.
,,ჩვენ ვაპირებთ, თელავის მერიის აპარატი გავხადოთ ყველაზე ღია ორგანო. პირობას ვდებთ, რომ მერია არ იქნება ნეპოტიზმსა და კორუფციაში გახვეული. ჩვენ მიგვჩნია, რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩართული ბიუჯეტის დაგეგმარებაში. ასევე, ვპირდებით, რომ საკრებულოს ყველა დეპუტატი იქნება ამომრჩევლის ინტერესის გამტარებელი და მათი ხმის დამცველი. რაც შეეხება ქალ კანდიდატებს პარტიაში, ვთვლი, რომ ერთ–ერთი მოწინავე პარტია ვართ. გვყვავს ბევრი ქალი წარმოდგენილი სიებში და ასევე მერობის კანდიდატი გვყვავს 6, მათ შორის, თელავის“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ნოდარ ეჟიშვილი.