ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება
როგორც knews.ge–ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის ღვინის 45 მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს.
“პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში დღეიდან უკვე შესაძლებელია. CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი ჩვენი მოწვევით 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა საქართველოს. პეკინში ქართული ღვინის გაყიდვა პროდუქციის პოპულარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის”, – განუცხადეს knews.ge–ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს პეკინში. მაღაზიათა ქსელი დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს.
2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.