ბაკურციხის აგროტურისტულ ცენტრ ,,მაროშენში“ ლიტერატურული კონკურსი გაიმართება
სტუდენტურ ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
თსუს ინფორმაციით, კონკურსი მეცხრედ ტარდება და მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ.
,,კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველად გაიმართება შიდაშესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობის მსურველებმა, 18 სექტემბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ პროზაული ნაშრომი – მოთხრობა ან ნოველა ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა და ასევე შევსებული სპეციალური ანკეტა, სადაც მისი პირადი მონაცემები იქნება. უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. გამარჯვებულები მიიღებენ უნივერსიტეტის და კომპანია ,,ჯეოსელის“ მიერ დაწესებულ ფულად პრემიას’’, – განაცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
როგორც knews.ge-ს ბაკურციხის აგროტურისტული კომპლექს ,,მაროშენის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კრისტი კაკულიამ განუცხადა, ისტორიულ მამულაში მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის ჩატარება ხელს შეუწყობს სოფელში ტურიზმის განვითარებას.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ ტარდება ეს კონკურსი. ამ საგვარეულო მამულს დიდი ისტორია აქვს და სიმბოლურიც არის აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაც. ამ უნიკალურ საგვარეულო მარანში სტუდენტები გააცოცხლებენ ლიტერატურულ გმირებს და ეს მახარებს, რომ ამაში ახალგაზრდა თაობა აქტიურად არის ჩართული’’,– განუცხადა knews.ge-ს კრისტი კაკულიამ.