ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები კახეთში ქართულ ღვინოს ეცნობიან
როგორც knews.ge–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ღვინის ტურის ფარგლებში, ბრიტანელი პროფესიონალები ღვინის მარნებსა და კომპანიებს კახეთში ეცნობიან. ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
„საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის პრიორიტეტია. ამ ჯგუფის წევრები ვიზიტის შემდეგ დაწერენ და ინფორმაციას გაავრცელებენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ღვინის მწერლები – Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters.