ახალი ამბები

გურჯაანში უძრავი ძეგლის სტატუსი სავარაუდოდ ხუთ ეკლესიას მიენიჭება

შესაბამისი მოთხოვნით გამგეობამ ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ვაზისუბნის კვირაცხოვლობის, დავითიანის, წმ. ელია თეზბიტელის, წმ. თამარ მეფისა და მელაანის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიებს მიენიჭება.
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ძეგლის სტატუსის მინიჭება ითვალისწინებს ტაძრების ფიზიკური და ვიზუალური არეალების დაცვას
„ძეგლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტებზე სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია ეკლესიის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 50 მეტრის რადიუსში ეკლესიის გარშემო აიკრძალება მიწის ფიზიკური სამუშაოები, რაც ძეგლს დაიცავს განადგურებისაგან. სტატუსის მინიჭების შემდეგ შესაძლებელია აგრეთვე ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნა“, – განუცხადა knews.ge–ს თამაზ მარკოზაშვილმა. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს უკვე ცხრა ტაძარს მიენიჭა.