თელავში „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება
ფესტივალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლობს. ,,სამეცნიერო პიკნიკში“, თესაუს გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, შსს-ს პოლიციის აკადემია, ,,ქიმიკოსთა ასოციაცია“, ხელნაწერთა ინსტიტუტი“, ,,ათასწლეულის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები. ღონისძიების ფარგლებში ,,ნადიკვრის“ პარკის სცენაზე გაიმართება ,,ევროპული შოუ“.
როგორც knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა განუცხადა, ,,სამეცნიერო პიკნიკის“ მიზანია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და ა.შ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებას მასპინძლობს ჩვენი უნივერსიტეტი. ამ ღონისძიების მეშვეობით ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებას გააცნონ თავიანთი ნამუშევრები, კვლევები და ამავე დროს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ“, – განუცხადა knews.ge-ს ირმა შიოშვილმა.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში იმართება.