ყურძენზე ფასმა დაიკლო
,,გუშინ მომიწია რქაწითელისა და საფერავის ჩაბარება, რქაწითელი ღირდა 70 თეთრი, ხოლო საფერავი 1.65 ლარად ჩავაბარე. ცუდია, რომ ფასებმა კლება დაიწყო. საფერავის ფასი რომ ერთ ლარზე დაეცეს, ხალხი დახარჯულ ფულსაც ვერ აინაზღაურებს. კარგია, რომ ყურძენი არ რჩება ჩაუბარებელი, მაგრამ ფასები უნდა იყოს დარეგულირებული. რაც უფრო მეტი ქარხანა მიიღებს, გლეხების ხეირია. სუბსიდირება რომ შეწყდა ვშიშობდი, ყურძენი გადასაყრელი გაგვიხდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩაბარება პრობლემა არ არის. ძირითადი საკითხი რიგებია, თუმცა მოუგვარებელი არა, ისე რომ ყურძენი იწურებოდეს და ვერ ვასწრებდეთ ჩაბარებას”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას გოგიტა მეზვრიშვილმა.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ყურძნის ფასი კიდევ უფრო დაიწევს, რადგან ღვინის ქარხნებმა პროდუქტი საკმარისი რაოდენობით უკვე მიიღეს.
,,ღვინის კომპანიებს საკუთარი ვენახებიც ხომ აქვთ, თვითონაც აწარმოებენ ყურძენს. ვფიქრობ, რომ საკმარისი რაოდენობა უკვე მიიღეს და ფასები კიდევ დააკლდება. ამდენი შრომა სჭირდება წარმოებას და თუ დახარჯული ვერ ავინაზრაურეთ, მოგებასაც ხომ ვერ ვნახავთ”, – განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხში მცხოვრებმა ვალერი სულაბერიძემ.
ღვინის კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ყურძენზე ფასების მომატება და კლება ბაზარზეა დამოკიდებული.
,,წელს ადგილობრივებისაგან ყურძენს ვიბარებთ. ფასს ბაზარი არეგულირებს. წელს ღვინის დიდი რაოდენობის წარმოებას არ ვგეგმავთ და კვლავ ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებულნი. ჩვენი ბრენდის ქვეშ გამოდის 5 სახეობის ღვინო. დამატებით ღვინის 2 ახალი სახეობის წარმოებას ვგეგმავთ. მომავალი წლიდან დაგვჭირდება მეტი რაოდენობის ყურძენი”, – განაცხადა კომპანია ,,ყვარლის ედემის” მენეჯერმა ალექსანდრე მაღრაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის მტკიცებით, წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, რადგან ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია.
,,მიუხედავად იმისა, რომ გახსნილია შტაბი და აღირიცხება ჩაბარებული ყურძენი – ჩვენ არ ვერევით ყურძნის მწარმოებელსა და ყურძნის მყიდველს შორის მოლაპარაკებებში. სწორედ მთავრობის პოზიცია იყო, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა გავსულიყავით სუბსიდირების პროცესიდან. დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 26 ათასი ტონა რქაწითელი, 30 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის 100-მდე კომპანია, რთველის საკოორდინაციო შტაბში კი სულ დარეგისტრირებულია ღვინის 186 კომპანია.