ახალი ამბები

საფრანგეთში თუში მეღვინის ვენახში რთველი გაიმართა

კახოიძემ წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი – მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.
„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე მოწეყო მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, – განაცხადა ილია კახოიძემ.
ანტიბაში გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის და საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, – აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.