სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლის ბუფეტების შემოწმება დაიწყო
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძის განცხადებით, სკოლის ბუფეტებში გეგმური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და პირველ რიგში უფრო მაღალი რისკის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სწრაფი კვების ობიექტები შემოწმდება.
,,რისკის შეფასების ოთხი კრიტერიუმი გვაქვს. ამ შერჩევის შედეგად შემოწმდება იმ სკოლის ბუფეტები, რომელთაც მაღალი ქულა ექნებათ, შემდეგ საშუალო და დაბალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ გარკვეული სანქციები დაეკისრებათ. ბუფეტებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტებზე ორი სკოლა დაჯარიმდა. ჯერჯერობით სერიოზული შემთხვევები არ გვქონია. სკოლა ჯარიმდება, ასევე, მითითებების შეუსრულებლობაზე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო და სხვა“, – განუცხადა knews.ge–ს მიქაძემ.
მისივე თქმით, სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად უწყება, ასევე, ახორციელებს არაგეგმურ ინსპექტირებას, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ. მიქაძემ აღნიშნა, რომ სკოლა არაგეგმურად იმ შემთხვევაში მოწმდება, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შევა საჩივარი ან შეტყობინება.