საიამ თელავში საარჩევნო სუბიექტებთან შეხვედრა გამართა
საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი უკვე დაიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, მონიტორინგის მიზანია, ხელი შეუწყოს
ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და უზრუნველყოს ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
,,შეხვედრა USAID-ის პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს წარვუდგინეთ ჩვენი მუშაობის მიმართულებები. ჩვენი მიზანია ყურადღება გავამახვილოთ სისხლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესწავლაზე, განვახორციელოთ გამოძიების მონიტორინგი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შესწავლაც, იმის თუ რამდენად რეალიზირდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და შშმ პირების მქონე პირთა პოლიტიკური უფლებები. შეხვედრაზე დამსწრე საარჩევნო სუბიექტებს ინფორმაცია მივაწოდეთ 2016 წლის მიგნებებსა და გამოწვევებზეც, რომლებიც ჩვენი მუშაობის შედეგად დაფიქსირდა. გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, რომელმაც შედეგების ბათილობა განაპირობა. განვიხილეთ 2017 წლის მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი და გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურად არ არის ფაზაში შესული. ასევე მნიშვნელოვანია ინკლუზიის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება. შშმ პირებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ნაკლები ინფორმაცია და ენობრივი ბარიერი აქვთ. აუცილებელია შშმ პირებისთვის საარჩევნო უბნები იყოს ადაპტირებული. მათთვის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. მხოლოდ მარტივი ან ნაწილობრივი ადაპტირება არ აგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ამ პირებს აქვთ,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირმა პავლიაშვილმა.