ახალი ამბები

რვა დღის შემდეგ თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
როგორც knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეხანძრე–მაშველებმა ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს. 
„ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ. პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განუცხადეს knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. 
უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ტყის მასივში, კოხტას მთის ფერდობზე ამჟამადაც მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ მხენაძრე–მაშველები. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კი ხანძარი რამდენიმე დღის წინ ჩააქრეს. 
სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს. არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად, კახეთში, 100 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.