ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაცია ჟესტურ ენაზე მიეწოდებათ
ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიიღებენ.
მისივე თქმით, მათ, ასევე, საშუალება ექნებათ, გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
,,ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიდეოზარით სარგებლობას რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლებიც შეძლებენ. ცესკოს ახალი სერვისი კომუნიკაციის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია”, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.