პრემიერის დაპირებები კახელებს
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მევენახეობის დარგის განვითარებაში ხელისუფლების განსაკუთრებულ როლზე და განაცხადა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კახელებს გარანტია მისცა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
„ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი. ეს არ არის ჯერ კიდევ სრული წარმატება და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა 4 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯამსი ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
„მინდა, ჩამოვთვალო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ესენი გახლავთ – 15 კილომეტრიანი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის დასრულებასაც მომავალი წლის ზაფხულში ვვარაუდობთ; გარდა ამისა, თბილისი-ბაკურციხის 87-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება, რომელიც 2018 წლისთვის დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება; ასევე – წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება. 2018 წლიდან დაგეგმილია ბაკურციხე-წნორის 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ამას გარდა, 36-კილომეტრიანი გზა გურჯაანი-თელავის შემოვლითი მონაკვეთის, რომელიც 121 მილიონი დოლარი დაჯდება. მთლიანობაში ამ გზების ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი თელავის წყალმომარაგების საკითხსაც შეეხო და მოსახლეობას დაპირდა, რომ 2020 წელს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება. პრემიერმა, ასევე, გააჟღერა მთავრობის ინიციატივა, რომელიც კახეთში კომპლექსური პროგრამის დაწყებას გულისხმობს.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები გუშინ წარადგინა: დედოფლისწყაროში – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში – გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში – არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში – იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში – როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში – გიორგი გოგილაშვილი; თელავში – შოთა ნარეკლიშვილი.