თუშეთში 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სოფელ ომალოში, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
უწყების ცნობით, „შპს „ნაბადი“ 2 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, საიდანაც ტურისტებსა და ადგილობრივ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ თუშეთის ბუნება.
,,24 ნომრიანი სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი, ამასთანავე, ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება თუშეთის სხვადასხვა სოფლისა და ღირსშესანიშნავი ადგილის მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება თუშურ ყოფა-ცხოვრებასთან და ტრადიციებთან, მაგალითად ლუდის მოხარშვა ტრადიციული წესით, ადგილობრივი კერძების მომზადება-დეგუსტაცია, ფოლკლორული საღამოები და სხვა”, – განცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 550 000 ლარს შეადგენს.